“დიდი ფინანსური რესურსები და ვირტუალური წუწუნი კი არა, გამოღვიძებაა საჭირო!”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

არჩევნების ჩემეული ანალიზი

1.უფულო და უგუნდო ელისაშვილმა 17,49%-ით ფინანსურად, ტელევიზიით და ადამიანური რესურსებით მხარდაჭერილი მეტოქეები დაამარცხა. ყველა მის წინააღმდეგ იყო, მაგრამ მან დაამტკიცა რომ ფინანსების გარეშეც შესაძლებელია წარმატების მიღწევა!
2.”ყველასგან მოძულებული” “ევროპული საქართველოს” 10,4% ნამდვილი სურპრიზია – მათ მოახერხეს მ.სააკაშვილის ჩრდილიდან გამოსვლა და მესამე ადგილზე გასვლა.
3.”ქართული ოცნების” წარმატება დიდწილად განაპირობეს ფინანსებმა და ადმინისტრაციულმა რესურსებმა, ასევე ამუნიად “ნაცმოძრაობის” შენარჩუნებამ, რაც მაფიქრებინებს, რომ ალტერნატიული ძალის არსებობის და ამომრჩეველთა აქტიურობის შემთხვევაში ისინი 50%-იან მაჩვენებელს ვერ შესწვდებიან.
4.რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილმა პარტიებმა მორიგი კრახი განიცადეს – ტაკ დერჟატ!
5.მცირე პარტიებმა ვერ გადალახეს პირადი ამბიციები და ვერ შექმნეს ერთიანი ძალა, რამაც მათ მიმართ პესიმისტური განწყობები სრულიად გაამართლეს.
6.ბოიკოტი, რომელმაც ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ისევ და ისევ საკუთარ თავს გამოუცხადეს, საბოლოო ჯამში არ შედგა. მათმა ბოიკოტმა წარმატებისკენ გზა გაუხსნა სხვა პარტიებს. იმედს დავიტოვებ რომ ამ გაკვეთილს (უკვე მერამდენეს) ისინი გაითავისებენ სამომავლოდ.

დასკვნა:

ერთის მხრივ ალეკო ელისაშვილის შედეგმა, ხოლო მეორეს მხრივ უკმაყოფილო (ძირითადად არჩევნებზე არმისული) ელექტორატის საკმაოდ დიდმა რაოდენობამ დამარწმუნა, რომ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება, აუცილებლობა და პოტენციალი ალტერნატიული კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. ნათლად დავინახეთ რომ ნების არსებობის შემთხვევაში ამ საქმეს დიდი ფინანსური რესურსები და ვირტუალური წუწუნი კი არა, გამოღვიძება სჭირდება.