გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25 წლის იუბილე

საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, გაეროს დღისადმი და გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.

სტუდენტური კონფერენციის ინიციატორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიმართა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გაეროს დღე და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 25 წლის იუბილე აღვნიშნოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს პარლამენტში სტუდენტებთან ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროსთან. მათი ეს მხარდაჭერა  არის ქმედითი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით. ის თემები, რაც დღეს გაჟღერდება სტუდენტების მხრიდან ასახავს გაეროს იმ მნიშვნელოვან როლს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არამედ, გაეროს როლს გლობალურ კონტექსტში“, – აღნიშნა აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  მდგრადი განვითარების მიზნებზე ისაუბრა.  მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ გაეროს დღის წესრიგის ერთ-ერთი ღერძი, არამედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც ვახორციელებთ და რაც ეროვნული სტრატეგიის ნაწილია.

„ჩვენი თანამშრომლობა გაეროსთან ეფუძნება საერთო პრინციპებს  – მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა და საერთაშორისო სამართალი. ამ მიმართულებითაც ჩვენ   გაეროს დღის წესრიგში ვართ“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.  მან გაეროსა და საქართველოს პარლამენტს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი. „გაეროს მხარდაჭერა საპარლამენტო ზედამხედველობის თუ ღიაობისა და გამჭვირვალეობის თვალსაზრისით არის ფასდაუდებელი“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„უამრავი სირთულის მიუხედავად, გაერომ თავი დაიმკვიდრა, როგორც საერთაშორისო პარტნიორობის და საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარმა პლატფორმამ და მოხარული ვართ, რომ საქართველო არის ამ პლატფორმის ღირსეული წევრი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაეროს დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებს გაეროსა და მისი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება სამართლიანობის და უსაფრთხოების პრინციპებს. გაეროს დაფუძნებით საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს პრინციპები, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის ფუძემდებლური პრინციპები. დღეს გაერო რეალურად უზრუნველყოფს ამ პრინციპების რეალიზებას საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად უამრავი სირთულისა, გაერომ დაიმკვიდრა თავი, როგორც საერთაშორისო პარტნიორობის და საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარმა პლატფორმამ, ამას აღიარებს ყველა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო არის ამ პლატფორმის, ამ ფორუმის, ამ ორგანიზაციის ღირსეული წევრი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს, რომელიც გაეროს წევრი 25 წლის წინ გახდა, ორგანიზაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა გაეროსა და საქართველოში გაეროს განვითარების წარმომადგენლობის საქმიანობის მნიშვნელობა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო და გაერო აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო დონეზე. მისი თქმით, გაერო უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები დაიცვას.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ სტუდენტურ კონფერენციას საქართველოს პარლამენტში. ქ არიან წარმოდგენილნი იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც მომავალში განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი ჩვენს სტუდენტებს სთავაზობს პლატფორმას და ფორმატს ასეთ დისკუსიებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმართეს.

„გაეროს  მიზანია მშვიდობის დაცვა, ადამიანის დაცვა, ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური პროგრესი“, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა. მან გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა გაეროს ძირითად საქმიანობაზე და იმ ახალ გამოწვევებზე, რომელიც ორგანიზაციის წინაშე დგას. ამ კონტექსტში ნილ სკოტმა კლიმატის ცვლილებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე, მათ, შორის სირიის ომის შედეგად გამოწვეულ იძულებით გადაადგილებაზე ისაუბრა.

გაეროს განვითარების მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში 25 წლის წინ  ჩვენი ქვეყნის გაეროში გაწევრიანება და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები გაიხსენა. „წლების შემდეგ  საქართველო გაეროს უშუალო და ინტეგრირებული ნაწილია. საქართველო დიდ როლს თამაშობს  გაეროში. გაეროს წევრობა არის  როგორც პრივილეგია და პატივი, ასევე, პასუხისმგებლობა. გაეროში წევრობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აქვს ხელმისაწვდომობა ცოდნასთან, გამოცდილებასთან, ფინანსებთან. ეს კი საქართველოს მეტი განვითარების  საშუალებას   აძლევს“, – განაცხადა ნილ სკოტმა. მისი თქმით,  ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში, როდესაც გაეროს წევრმა ქვეყნებმა გლობალური განვითრების გეგმა მიიღეს. „ეს არის მდგრადი განვითარების მიზნების დასახვის გეგმა, რომელიც მდგრადი, ურყევი განვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენ გვჭირდება მოდელი, რომელიც მოითხოვს პლანეტის დაცვას, რათა გვქონდეს პერსპექტივა. მდგრადი განვითარების მიზნები რომელიც დასახულია და დოკუმენტშია შესული ეს არის ხანგრძლივი პროცესი. საქართველო აქტიურად იყო ჩართული ამ გეგმის მიღებაში. ეს არის ინტეგრირებული –  ჩვიდმეტი მდგრადი განვითარების მიზანი, რომელიც ერთმანეთთან  მჭიდროდ არის დაკავშირებული“, განაცხადა გაეროს განვითარების მუდმივმა წარმომადგენელმა.  მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს წამყვანი როლი მდგრადი განვითარების გეგმის განხორციელებაში.  ნილ სკოტმა, ამ მიზნების განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  მისი თქმით, თუ მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს ამ მიზნებს მაშინ წარმატება ვერ იქნება მიღწეული. „ეს არის ის ნება, რომელიც მთავრობამ გამოხატა და ადამიანებმა მხარი უნდა დაუჭირონ“, – განაცხადა გაეროს განვითარების მუდმივმა წარმომადგენელმა. მან ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ახალგაზრდების ჩართულობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სამყარომ სწორედ ისეთი გეზი აიღოს, როგორიც თქვენ გსურთ“, – მიმართა გაეროს წარმომადგენელმა ახალგაზრდებს.

„გაერო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც 193 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოს წარმომადგენლობა, თითოეულ სტრუქტურაში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ შენი ქვეყნის საკითხებთან გქონდეს ყოველდღიური შეხება. მსოფლიოში მიმდინარე უამრავი თემაა, სადაც ქართული მხარის როგორც გადაწყვეტილებაში მონაწილეობის  მიმღების წარმოჩენა არის საგანგებო მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტისათვის“, – განაცხადა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან გაეროში საქართველოს გაწევრიანების პერიოდი გაიხსენა და ყურადღება ორგანიზაციის საქმიანობაზე, როლზე და ჩვენი ქვეყნის გაეროსთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საქართველოს გაეროსთან ურთიერთობის 25-წლიანი პერიოდი სამ ეტაპად დაჰყო და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით გაეროს უდიდეს როლზე და დახმარების პროგრამებზე ისაუბრა.  მისი თქმით, თუკი საქართველომ ათასწლეულის განვითარების გეგმებთან დაკავშირებულ მიზნებს მიაღწია, ეს უმეტესწილად გაეროს და გლობალური  ფონდების  მიერ მიღებული მხარდაჭერის შედეგი იყო.

მარიამ ჯაშმა  2015-2030 წლებში მდგრადი განვითარების მიზნებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„25 წლის განმავლობაში საქართველო არა მხოლოდ   ხდებოდა გაეროს დახმარების ექსპერტიზის მიმღები, არამედ უკვე ჩვენი ქვეყანაც გახდა სამაგალითო სახელმწიფო, დაგროვდა ექსპერტიზა, რომლითაც ჩვენ ვუბრუნებთ, ერთგვარად, ამ ძალიან დიდ ინვესტიციას გაეროს სხვა წევრ სახელმწიფოებს. ღია მმართველობის პარტნიორობა არის ნათელი მაგალითი თუ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს მსოფლიო თანამეგობრობის განვითარებისთვის. გაეროს 72-ე გენერალური სესიის ფარგლებში საქართველოს გადმოეცა ე.წ. ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტობა. საქართველოს მომდევნო ერთი წელი ექნება სამდივნოს პრეზიდენტობა და ჩვენ გაეროსთან თანამშრომლობით მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან პროგრამული გამოწვევების გარდა, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემაზე – ოკუპაციის საკითხზე გაამახვილ ყურადღებაა, რომლის გადაჭრაც მისივე თქმით, ისევ და ისევ გაეროს ძალიან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაეროში ახალგაზრდების წარმომადგენლობაზე და მათ როლზე ისაუბრა. „ახალგაზრდებს აქვს მნიშვნელოვანი როლი, რათა მათ ახალგაზრდების თემატიკაზე და პრობლემებზე ისაუბრონ. ამავდროულად აქტიური მონაწილეობა მიიღონ კომიტეტების  მუშაობაში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მან გაეროს საქმიანობაში საქართველოს როლზე და იმ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რომელიც  საქართველომ 25 წლის განმავლობაში განიცადა. მისივე თქმით, საქართველო ასრულებს თავის მოკრძალებულ როლს იმ გამოწვევების დაძლევაში, რაც გაეროს წინაშე დგას.

„თუ საქართველო გაეროსგან სიკეთეების მიმღები იყო და დახმარებას იღებდა, ბოლო წლებში  საქართველო თავის მოკრძალებულ როლს ასრულებს იმ გამოწვევების დაძლევაში, რაც გაეროს წინაშე დგას. საქართველო ცდილობს თავისი როლი შეასრულოს და მონაწილეობა მიიღოს უსაფრთხოების კუთხითაც“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გაეროს როლზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ვცდილობთ გაეროს პლატფორმა ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ ჩვენთვის აქტიურ თემატიკაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მინისტრის მოადგილემ  გაეროში საქართველოს მიერ წარდგენილ ორ რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება. ეს ეხება დევნილთა შესახებ რეზოლუციას, რომელიც მინისტრის მოადგილის თქმით, ყოველწლიურად მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს   და მეორე რეზოლუცია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს ეხება. „ეს რეზოლუცია საქართველომ პირველად გაიტანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად მოხდა, გაეროს ყურადღების მიქცევა რეზოლუციის ფორმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებსა და იქ არსებულ დარღვევებზე“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ გაეროსთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა. „საქართველო გაგრძელებს თავისი როლის და მოკრძალებული წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში. გაეროს წარმატებულობა დამოკიდებულია თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულებს   ყველა მისი წევრი სახელმწიფო მის ქარტიას და პრინციპებს. საქართველო აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობას გაეროს რეფორმირების პროცესში“, – განაცხადა მინისტრი მოადგილემ.

კონფერენციაზე, სტუდენტები სხვადასხვა თემებზე  მოხსენებებით წარსდგნენ: