სომალის დედაქალაქში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქში, სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ქალი და ბავშვია.

ინფორმაციას სააგენტო Reuters-იავრცელებს.

მოგადიშულ ცენტრში მდებარე სასტუმროში ექსტრემისტები გუშინ შეიჭრნენ. მათ წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, გაქცევის მცდელობისას ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, კიდევ სამი ბოროტმოქმედის დაკავება პოლიციამ მოახერხა.

გამოძიების ცნობით, თავდასხმა მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ექსტრემისტების იერიში. თვითმხილველების ცნობით, სასტუმროს, რომელსაც თავს დაესხნენ, ბევრი სომალელი სამხედრო მოსამსახურე იცავდა, რადგან იქ სომალის მთავრობის წევრების მონაწილეობით კონფერენცია იყო დაგეგმილი.

ასოშიეთედ პრესი” იტყობინება, რომ სამართალდამცავებმა სასტუმროში მყოფი 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის იყო ერთი მინისტრი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ალ შაბააბმა“ აიღო. ისინი სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყანაში შარიათის წესის დამკვიდრება სურთ.