“ეს გვჭირდება ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ემიგრანტებს…“

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მნიშვნელობა, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარების მიმართულებები და სტატისტიკური ანალიზი, რეინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები და მათ საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებები იყო  მთავარი თემები დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოხსენება კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა წარუდგინა.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას და პრიორიტეტს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერა წარმოადგენს და საკითხი მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების მართვის კუთხით.

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის საკითხი ასახული იყო საქართველოსა და ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმაში და განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების გეგმის შეთანხმებით.

რეინტეგრაციის გეგმის განვითარება 2016-2020 წლების ერთერთი ძირითადი სამოქმედო მიმართულებაა და ამავე სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში დეტალურად არის გაწერილი სამინისტროს მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოში 2011 წლიდან ხორციელდება დაბრუნებული პირების რეინტეგრაციის პროექტები, რომელთა მიზანს რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამა,  სახელმწიფო დაფინანსებით მესამე წელია რაც მიმდინარეობს. 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თორმეტი თვის განმავლობაში განსახორციელებელი პროგრამისათვის  400 ათასი ლარი გამოიყო, 2016 წელს- პროგრამის ბიუჯეტმა  600 ათასი ლარი შეადგინა, 2017 წელს კი პროგრამა 582 ათასი ლარით დაფინანსდა,“-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი სერვისების შეთავაზება, რომელიც მათ დაეხმარება ჯანმრთელობასთან, მათ შორის, ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, დასაქმებასთან და თვით დასაქმებასთან დაკავშირებით.

2018 წელს პროგრამისთვის გათვალისწინებულია 650 ათასი ლარი, რაც მინისტრის მოადგილის განცხადებით არ არის საკმარისი ბენეფიციართა დასაფინანსებლად.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა პროგრამით განხორციელებულ კონკრეტულ სოციალურ პროექტებზე, დეპუტატების შეკითხვებს  უპასუხა და პროგრამის თაობაზე მათი მოსაზრებები მოისმინა.

დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრებით პროგრამას, რომელიც რეალურად სასარგებლო და მნიშვნელოვანია, დაბრუნებულ მიგრანტთა შორის არ აქვს სათანადო ცნობადობა და ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს.

„ეს არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან საჭირო პროექტი, პროგრამა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გაფართოება და უპირველესად, სჭირდება მეტი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ჩვენი, ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს გვჭირდება ჩვენ,  ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ემიგრანტებს,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ ასევე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკონსულოებს, რომ პროგრამის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით დამატებითი ღონისძიებები გაატარონ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა სხვა დაინტერესებულ კომიტეტებთან ერთად გაგრძელდება და პროგრამის უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით,  შესაბამისი არა მარტო  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, არამედ სხვა პროცესში მონაწილე სამინისტროების მიმართ კონკრეტული რეკომენდაციებიც შემუშავდება.