“პროფილური სწავლება ცუდი არ არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ზუსტი ფორმა…”

საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია განათლების მინისტრის მიერ დიფერენცირებულ სწავლებაზე გადასვლის მოსაზრებამ.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%96%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94/

რას ფიქრობს ამ საკითხზე პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭო და რ უნდა იცოდეს საზოგადოებამ? ამ კითხვით საბჭოს ხელმძღვანელს დავით ფერაძეს დავუკავშირდით.

დიფერენცირებულ სწავლებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ დეფინიციის დაკონკრეტებაა საჭირო, რას გულისხმობს საზოგადოება, რის დიფერენცირებას ითხოვს? პროფილურ დაყოფას, თუ სწავლების მეთოდად დიფერენცირებული პრინციპის არჩევას.

თუ პროფილური დიფერენცირებაა, ცხადია, ეს ნიშნავს ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ა.შ. პროფილურ გაყოფას. რა საკვირველია, ეს მოსწავლეზე მორგებული დამ ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ, ამ სისტემას აქვს ხარვეზებიც და პოზიტივიც. უნდა გავზომოთ, რომელი მახასიათებელი ჭარბობს.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს შემდგომ მენტალურ გარემოებებს: ჩვენ ქვეყანაში ადამიანები დიფერენცირებას ახდენენ არა საკუთარი თუ საკუთარი შვილების შესაძლებლობათა, არამედ სამომავლო „ჩალიჩის“ პერსპექტივის მიხედვით. საბჭოთა პერიოდში დიფერენცირება რომ შემოეღოთ, მოსწავლეთა 90 % ჰუმამნიტარულ პროფილს, კერძოდ კი ისტორიის მიმართულებას აირჩევდა, რატომ? იმიტომ, რომ ამ პროფილის „სპეციალისტებით“ კომპლექტდებოდა პარტიული და სახელისუფლება სტრუქტურები, სადაც ფულის „კეთებისთვის“ „მწვანე შუქი“ იყო ანთებული. ამიტომაც, ამ პროფილს მაინცდამაინც იმიტომ არ აირჩევდნენ, რომ ვიღაცას ისტორია უყვარდა. ჩვენ ხომ ისევ იმ პერიოდის ადამიანები ვართ? ჩვენ შვილებსაც ხომ საბჭოური მიდგომებით ვმოძღვრავთ? ჰოდა ახლა თუ არჩევანზე მიდგება საქმე, მოსწავლეებიც ისევ იმ პროფილზე დადებენ ფსონს, რაც სამომავლო ფულის კეთების პერსპეტივას შექმნის. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი არის გასათვალისწინებელი.

არსებითად პროფილური სწავლება ცუდი ნამდვილად არაა. კიდევ ერთი საკითხია. ჩვენთან ასე ესმით პროფილური ანუ დიფერენცირებული სწავლება. აირჩევს მოსწავლე კონკრეტულ, მაგალითად საბუნებისმეტყველო პროფილის საგნებს და თითქოს დანარჩენ პროფილისკენ საერთოდ არ უნდა გაიხედოს. ეს თუ ასე განხორციელდება, ჩვენ მივიღებთ ძალიან ვიწრო თვალსაწიერის მქონე ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება ამოხსნან ორუცნობიანი განტოლება, მაგრამ, როგორც ჯეჯელავას მოსწონს, იმის გასაგებად თუ რომელი ზღვა ესაზღვრება ჩვენ ქვეყანას, ამისთვის `Google~ -ს მიმართოს, ან ესეც შეიძლება ვერ შეძლოს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროფილზე: ვიღაცამ შეიძლება გალაკტიონი საუკეთესოდ იცოდეს, მაგრამ საკუთარი სახლის ფართობის გაზომვაც ვერ შეძლოს.

როგორ ხდება დიფერენცირებულ სისტემაზე გადასვლა? მოსწავლე გაძლიერებულად სწავლობს არჩეული პროფილის საგნებს, მაგრამ ასევე მის სასწავლო პროგრამაში გარკვეული დრო უნდა დაეთმოს სხვა პროფილსაც, რომ ელემენტარული უნარები გამოუმუშავდეს. ამ კუთხით თუ წავა დიფერენეცირება, ცხადია, ეს კარგი იქნება. ამის გარდა დიფერენცირება ეხება არა მხოლოდ პროფილურ სწავლებას, არამედ თავად კონკრეტული საგაკვეთილო პროცესის დიფერენცირებული მიდგომით წარმართვასაც. ამას დიდი ხანია უკვე ბევრი მასწავლებელი იყენებს და ჩემ პრაქტიკაში მას გარკვეული შედეგიც აქვს. ანუ, რა ხდება: მასწავლებელი ზოგადად მოიაზრებს მოსწავლეთა დიფერენციაციას მათი შესაძლებლობის მიხედვით და საკლასო და საშინაო აქტივობაშიც მათ რთავს შესაძლებლობათა გათალისწინებით.

დიფერენცირებულ სწავლებას უნდა შეესაბამოს ეროვნული გამოცდებიც. არ შეიძლება პროფილური განათლება შემოვიდეს და მოსწავლეები გამოსაშვებსაც და ეროვნულ გამოცდებსაც მაინც ყველა პროფილით აბარებდნენ. თუ ადამიანმა ჰუმანიტარული პროფილი აირჩია სწავლების დაბალ საფეხურზე, მან აღარ უნდა ჩააბაროს მაგალითად მათემატიკა.