17 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

17 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებულება.

აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესი. ბრძანების მე-10 მუხლი ახლებურად არეგულირებს პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესს და ადგენს, რომ პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, გარე რეკლამა), განსხვავებით ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული წესისა, უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით.

ბრძანება გამოიცა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ და არსებითად აუარესებს ყველა (ან თითქმის ყველა) პოლიტიკური პარტიის მდგომარეობას.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ეფექტური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სჭირდებათ სერიოზული ფინანსური სახსრების მობილიზება, რაც დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილი წესი წარმოადგენს დამატებით ბარიერს პოლიტიკური პარტიებისათვის, რადგან იგი უზღუდავს პარტიებს შესაძლებლობას, პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა განახორციელონ მათთვის მოსახერხებელი წესით. ბრძანების სადავო ნორმა წარმოადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კერძო კომპანიებს შორის ურთიერთობაში გაუმართლებელ ჩარევას. აღნიშნული პირდაპირ აუარესებს საარჩევნო გარემოს და ემსახურება მხოლოდ იმ პარტიებისათვის პრივილეგირებული გარემოს შექნას, რომელთაც აქვთ დიდი ფინანსური რესურსი.

იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც აკეთებს ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილთან დაკავშირებით, იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ მიღებული ბრძანება არ წარმოადგენს პარტიების საქმიანობის ხელისშემშლელ გამიზნულ ქმედებას.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დიალოგის ნაცვლად იგნორირების გზა აირჩია და უარი თქვა დასწრებოდა ჩვენს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას, სადაც მოწვეული იყვნენ მთავარი აუდიტორი და სამსახურის წარმომადგენლები. აღნიშნული მიდგომა გვაიძულებს მივმართოთ სამართლებრივ გზას და გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანება გავასაჩივროთ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოვითხოვთ, მაქსიმალურად სწრაფად შეიცვალოს, პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის, ხსენებული ბრძანებით დადგენილი ახალი წესი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიებისათვის დამატებითი, ხელოვნური ბარიერების მოხსნას, მათ ნორმალურ ფუნქციონირებასა და საარჩევნო კამპანიის ეფექტურად ჩატარებას.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები:

1. ახალი მემარჯვენეები

2. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

3. საქართველოს ევროპელი დემოკრატები

4. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

5. ეროვნული ფორუმი

6. თავისუფალი დემოკრატები

7. თავისუფალი საქართველო

8. თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა

9. საქართველოს ლეიბორისტული პარტია

10. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

11. რეფორმატორები

12. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

13. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

14. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

15. ქართული დასი

16. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია

17. ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა

კომენტარის დატოვება