ექსკლუზივიმთავარი

„ქალთა საბჭო“ და მისი მეგობრები სტუმრად დევნილ პატარებთან

ფიქრია წიკლაური

 „ქალთა საბჭომ“  მორიგი საქველმოქმედო აქცია, ამჯერად ახალგორის რაიონიდან დევნილი ბავშვებისთვის გამართა.

ღონისძიება მცხეთის რაიონში, დევნილებით დასახლებულ სოფელ წილკანში, ახალი საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარდა. საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან გაბრუაშვილმა ორგანიზაციის რამდენიმე წევრ ქალბატონთან ერთად ბაღის აღსაზრდელებს ერთი დღე გაულამაზა.

აქციის ორგანიზატორმა, ორგანიზაციის თავმჯდომარემ,ქალბატონმა მზექალა შანიძემ,რომელმაც ჯანმრთელობის გამო ვერ მიიღო ღონისძიებაში მონაწილეობა ბავშვებს ლიტერატურა და სათამაშოები გაუგზავნა.

„ქალთა საბჭოს“ საზღვარგარეთის წევრებმა, ესტონეთის ქართული სახლის ხელმძღვანელმა და გერმანული დიასპორის წარმომადგენელმა დევნილ ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები გადასცეს.  „ბავშვთა კვება“ პატარებს კომპანია „ჰუმანამ“გაუგზავნა. ასევე საჭირო ნივთები ჩაუტანა ბავშვებს ბიზნესმენმა ქალბატონმა დიანა გიგიაძემ.

აქციის ფარგლებში თბილისიდან პედიატრებიც ჩაიყვანეს. პროფესორმა ია დავითაიამ და „ჯანმრთელობის ცენტრის“ პედიატრებმა ახალგახსნილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უფასო გამოკვლევები და კონსულტაციებიც ჩაუტარეს. ექიმები პატარების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს გაეცნენ და მშობლებს შესაბამისი რეკომენდაციები და დანიშნულებები მისცეს.

პედიატრებთან კონსულტაციის შემდეგ პატარებს დარბაზში ზეიმი საბავშვო მუსიკალურმა თეატრმა „ჭინჭრაქამ“ გაუმართა.

აღსანიშნავია, რომ სტუდიის მოსწავლეები სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბესო ლომსაძესთან  ერთად „ქალთა საბჭოს“ მიერ გამართულ ყველა ღონისძიებაში  უანგაროდ იღებენ მონაწილეობას და ამით საკუთარი წვლილი  შეაქვთ  საქველმოქმედო საქმიანობაში. სტუდიის ბავშვებმა, გარდა იმისა, რომ ახალგორის დევნილ ბავშვებს სათამაშოები და სხვადახვა ნივთები უსაჩუქრეს,  ზღაპრის გმირების ფორმითაც წარდგნენ ბაღის აღსაზრდელების წინაშე და საბავშვო სიმღერები შეუსრულეს.

მუსიკალური წარმოდგენების შემდეგ საბავშვო ჟურნალმა „ჭიამაიამ“, რომელმაც ასევე აქციაში მიღო მონაწილეობა, პატარებს ჟურნალები და ტკბილეული გადასცა.

ღონისძიების ბოლოს აქციის ორგანიზატორმა  ქეთევან გაბრუაშვილმა მოზარდებს პლაკატებზე ხელები დაახატინა და მათი სახელი და გვარი დააფიქსირა.

უკვე ორი წელია ასეთი აქცია წამოვიწყეთ, სახელწოდებით „არა ომს, ჩვენ მშვიდობა გვინდა!“  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველა იძულებით გადაადგილებულ პატარის ხელს ასეთი სახით ვხატავთ, ნახატში მათ სახელსა და გვარს  ვაფიქსირებთ. ეს ნახატები გვინდ ჟენევის მოლაპარაკებებზე გავგზავნოთ და ასეთი სახით დავაფიქსიროთ ბავშვების პროტესტი ომის წინააღმდეგ.“– აღნიშნა ქალბატონმა ქეთევანმა.

ბავშვებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცა და მშობლიურ ახალგორში მალე დაბრუნება უსურვა პოეტმა მზია ხეთაგურმა. ქალბატონმა პატარებს საკუთარი ლექსიც წაუკითხა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნუგზარ პაპუნაშვილმა როგორც აღნიშნა, ასეთი სახის აქციები  დევნილი ბავშვებისთვის იშვიათად, ან საერთოდ არ ტარდება. მისი განცხადებით, ახლადგახსნილი,თანამედროვე შენობა-ნაგებობის საბავშვო ბაღი მართალია ძირითადი ინვენტარით არის დაკომპლექტებული, თუმცა ბავშვებს არ აქვთ მეთოდური ლიტერატურა და სათამაშოები.

კიდევ ერთი ლამაზი და სიკეთით სავსე დღე ჩაიწერა „ქალთა საბჭოს“ უამრავ უკვე გაკეთებულ საქმეში. კიდევ ერთხელ ირწმუნა ყველამ ერთად დგომის ძალა.