10 წლის ბავშვის უცნაური შეკითხვა მოძღვართან

 

ფიქრია წიკლაური

ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ ლგბტ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ თბილისის იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარს, მამა ბასილი ნიქაცაძეს:

 

“რატომ არ მიდის ნარკომანიის და სიძვა-მრუშობის პროპაგანდა? იმიტომ რომ უზნეობაა. მაგრამ კაცი კაცთან რომ მრუშობს ეს უფრო დიდი უზნეობა არ არის? ანუ ხდება ხალხის შეგუება მიუღებელთან, რაც საბოლოოდ საზოგადოების მოშლას გამოიწვევს და აი რატომ: სინათლეს რომ სთხოვონ, აღიაროს სიბნელე, ამას ვერ იზამს, რადგან არ იცის რა არის სიბნელე, მაგრამ სიბნელეს თუ აღიარებენ, ამით სიბნელე გაძლიერდება და სინათლე ნელ-ნელა მოკვდება. სახარებაში ეშმაკი ეუბნება ქრისტეს, მაღიარე და ყველაფერს მოგცემო.  ჩვეულებრივი წესით მოევლინება საზოგადოებას ადამიანი და ვინც უზნეობით ამაყობს, იმან ხმა საერთოდ არ უნდა ამოიღოს, რადგან ისიც ამ გზით გაჩნდა  ქვეყანაზე და არა გაუკუღმართებული კავშირით. ამერიკაში რამდენიმე შტატში სატანისტური ეკლესიაა და ამ ეკლესიის მრევლი ლგბტ თემია.  ვკითხოთ ვის ემსახურებიან და საიდან მოდის ეს ამორალურობა. თუ დემოკრატიაა, მაშინ მე უმრავლესობას წარმოვადგენ, ამიტომ უნდა მისმინოს უმცირესობამ და არ უნდა მაიძულოს მათი უზნეობა მივიღო.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გროვდება საზოგადოებაში და ბოლოს საპროტესტო ტალღას გამოიწვევს, რადგან  ისეთ ქვეყანაში, სადაც ეკლესიის რეიტინგი მაღალია, ასეთ პატარა თემებს ვერ ექნება ხალხის მხარდაჭერა. მე თუ მინდა სიმართლე, ესე იგი არ მინდა ტყუილი, რომელიც მაიძულებს მათ ანგარიში გავუწიო. იყვნენ იქ სადაც არიან, მაგრამ თავს ნუ მომახვევენ თავიანთ უზნეობას. არავინ მაგათ დასჯას არ აპირებს, მაგრამ იმას, ვინც ნორმალურია, აცადონ ცხოვრება.

მე, როგორც მღვდელს, მქონია ეგეთ ადამიანებთან შეხება და დამიჯერეთ, ძალიან მწარედ ნანობენ. რატომ იმათზე არ ლაპარაკობენ, ვინც უკვე გამოსწორდა, ოჯახები შექმნეს და ნორმალურ ცხოვრებასაც დაუბრუნდნენ?

გამოყავთ ყველა შოუში და უკეთებენ რეკლამას, ღიად ეწევიან პროპაგანდას.

გახსოვთ ალბათ ფრანგი მსახიობი ჟან მარე, ისიც ამ თემის წარმომადგენელი იყო, მაგრამ უმეტესობამ დღესაც არ იცის მისი ორიენტაციის შესახებ.

ერთხელ 10 წლის ბავშვი მოვიდა ჩემთან სასუბროდ, რაღაც ფილმი უნახავს ასეთ ადამიანებზე და მეკითხება „მამაო, მე კაცი ვარ თუ ქალიო?“ რატომ მეკითხები ამას მეთქი და ბიჭმა რომ მაკოცოს ის იქნება ქალი თუ მეო. ამ ხნის ბავშვს ვნება არა აქვს და იმიტომ სვამს ასეთ კითხვას.

– როგორც სასულიერო პირი და ოთხი შვილის მამა, გამოსავალს რაში ხედავთ?

– გამოსავალი საბერძნეთმაც ეძება, სადაც კანონი მიიღეს, რომ 15 წლის ბავშვს უკვე სქესის შეცვლა შეუძლია,  მაგრამ დღეს საათში სამჯერ მუდმივად ზარებს რეკავენ, რომ მოსახლეობა გამოაღვიძონ. გამოსავალი მაშინ უნდა გვეძებნა, როცა საამისოდ საკანონმდებლო ბაზას ქმნიდნენ. ახლა არსებობს კანონი, რომელიც მათ იცავს. ალბათ საზოგადოების რეგულარული და დახვეწილი პროტესტი რაღაც შედეგს მოიტანს…

მასმედია ისე იქცევა, თითქოს არ ესმოდეს ერის გულისცემა. გადასულია ეპატაჟზე.  ოღონდ ერთმანეთს დაასწრონ რაღაცა გაურკვევლობის აფიშირება, ოღონდ რეიტინგი აიმაღლონ და ვინღა ფიქრობს ზნეობასა და სამშობლოზე? არსებობს ასეთი ტერმინი „ოვერტონის ფანჯარა“, სადაც საზოგადოების მართვა, გახრწნის პრინციპები მოცემულია საფეხურბის სახით. იქაა ერთ-ერთი საფეხური: „ზნეობრივები გახადეთ უზნეოები ცილისწამებით და აქციეთ გმირებად, ამისთვის გამოიყენეთ ცნობადი სახეები, რაც მოცემულ პოზიციას უფრო დამაჯერებელს გახდის“.  უამრავი განათლებული ჟურნალისტია, რომელსაც პატიოსნება სისხლში აქვს, მაგრამ მას არავინ მიაკარებს ტელე-ეკრანს და მიკროფონს.

რატომღაც დღეს სიტყვა პატრიოტიზმი „დემოკრატიით“ შეიცვალა, არავინაა დემოკრატიის წინააღმდეგი, მაგრამ „მიეცეს კეისრისა კეისარს და ღმრთისა ღმერთს“.  დემოკრატიაა როცა გიყვარს აფასებ, ხალხის სატკივარი გტკივა.

– ლიბერალები ალბათ ამაზე შეგედავებიან, რატომ არ გტკივათ და არ აფასებთ ლგბტ-ს წევრებსო…

– კი ბატონი, მაგრამ ისინი მაფასებენ მე, ან ჩემს ისტორიას და ღირებულებებს პატივს სცემენ? ეს რას ნიშნავს, მე ვიყო დემოკრატი და მათ იბატონონ ჩემზე? პავლე მოციქულის სიტყვებს მოვიყვან; „რა საერთო აქვს ქრისტეს ეშმაკთან, ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?“

საზოგადოებაში ცნობიერებაა დაქვეითებული, რაზეც ხალხის გარკვეული კატეგორია მუშაობს.

-ალბათ ურწმუნოებაც თამაშობს გარკვეულ როლს ადამიანთა ცნობიერების დაქვეითებაზე, როცა ვერ არჩევენ ცოდვა-მადლს ერთმანეთისგან?

– ბოლომდე ურწმუნო არ არსებობს, უბრალოდ მათ რეალობაში არსებული ღმერთი არ გავს იმას, რასაც ჭეშმარიტება ჰქვია. უამრავი ათეისტი მოდის და ადგება ჭეშმარიტების გზას. ძირითადად, რაზეც ისინი წუხილს გამოთქვამენ არის ის, რომ საკუთარი აზროვნებით და საქციელით სხვები დააბრკოლეს და გარყვნეს. ერთია, რა უნდა ადამიანს, მეორეა რას იზამს, როცა მოცემულ პრობლემას წააწყდება. იუდა ქრისტეს გვერდით იყო, მაგრამ ქრისტე გაყიდა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა, ავაზაკი, რომელიც ქრისტეს გვერდით გააკრეს, კაცისკვლელი იყო, თუმცა სინანულის გამო ცათა სასუფეველი დაიმკვიდრა. შინაგანი სამყარო საით მიდიოდა, ერთი მიხვდა, მეორე ვერა.

პავლე მოციქული ამბობს: „არავის მონა არ ხარ ქრისტიანო, რადგან ქრისტეს სისხლით ხარ გამოსყიდული!“

ტელევიზორებიდან ცხვირს ყოფენ და ტვინს გვიბურღავენ. (ქვემოთ ნახეთ სურათი, რომელიც მამაომ მოგვაწოდა. ავტ. ფ.წ.) სამწუხაროდ, დღეს ტელეეკრანებიდან პოზიტივი არ იგრძნობა. ეთერში მიდის ლანძღვა, გინება, ცილისწამება, ტალახის სროლა. ახლა ეს ლგბტ-ს პროპაგანდა. გადაცემა გაჩვევს თემას, რომელიც ადრე შენთვის მიუღებელი იყო. ჩემთვის ადრე რომ ეთქვათ, ტრანსგენდერი 10 წელიწადში ყველა შოუს გმირი იქნებოდა, არ დავიჯერებდი.

სამწუხაროდ, დღევანდელი გადაცემები  საზოგადოების ფუნდამენტალურ შეხედულებებზე არ არის გათვლილი. რამდენი სასიკეთო  საქმე კეთდება, მაგრამ ალბათ დაკვეთაა, რომ ყოველთვის ნეგატივი გაშუქდეს.