რას ნანობს ირაკლი ღლონტი, რა დაანახა ემიგრანტებთან ურთიერთობამ და მისი ახალი საქმე…

მაია ოქრუაშვილი

-“სწორად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ემიგრაციაში ჩვენმა ხალხმა ისწავლა დროის, შრომის და ფულის ფასი … ეს რეალობაა … იქ არ არსებობს ბიძები ან ძმაკაცები, ვერავინ ვერ გაგიწევს დახმარებას, იქ არ არსებობს ნეპოტიზმი, იქ მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტია ! სულ სხვანაირია ემიგრაციული ცხოვრება, წლები დასჭირდათ დამკვიდრებისთვის და შეგუებისთვის, მათ ეს შეძლეს!-განაცხადა ირაკლი ღლონტმა და ჩვენც ემიგრაციის პრობლემებზე სასაუბროდ თავად ღლონტს დავუკავშრდით, მითუმეტეს რომ რაც მან პოლიტიკური არენა დატოვა, სააგენტოს არ ჰქონია მასთან ინტერვიუ და კითხვებიც საკმაოდ დაგროვდა.

საუბარი სწორედ პოლიტიკიდან წასვლით დავიწყეთ.

რატომ წახვედით აქტიური პოლიტიკიდან ?

ჩემთვის პოლიტიკა ხალხის სამსახურში დგომაა, ჩემთვის პოლიტიკოსი იდეალისტთან ასოცირებულია, სამწუხაროდ ბევრს ვერ ვხედავ ასეთს, ხო და ავდექი და ჩემი აზრით ყველაზე იდეალურ საქმეს ვემსახურები ახლა, განა რა უნდა გამეკეთებინა პირობითად დეპუტატის რანგში იმაზე მეტი, ვიდრე ახლა მაქვს მიზნად დასახული. საერთოდ არ არის საჭირო თანამდებობა და სტატუსი, მე მირჩევნია უსტატუსოდ, კაბინეტების და პრემიების გარეშე ვაკეთო საქმე, რომელიც სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, თანამდებობები მართალია არის შესაძლებლობები, მაგრამ მაინც იზღუდები და ძალაუნებურად ექცევი ვიწრო ჩარჩოებში, მე არ მიყვარს ჩარჩოები და შეზღუდვები. ზოგადად, 19 წლიდან მოყოლებული გახლდით სახელმწიფო ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე, გავიარე ეს ეტაპი და ამ შოვინისტური ხიბლიდან გამოსული ვარ დიდი ხანია, ჩემი მიზანი არის არა თანამდებობები, არამედ იმ საქმის კეთება, რომელიც სახელმწიფოს და ხალხს მოუტანს პოზიტიურ რეზულტატს. ჩემი მიზანია ვიცხოვრო ისე, რომ ქუჩაში გასვლა მსიამოვნებდეს, ისე როგორც ახლა, იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებთან მაქვს ღია, კეთილგანწყობილი ურთიერთობა და ეს ბედნიერებაა.

ანუ ფიქრობთ, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ?

არასდროს არ მიკეთებია უმნიშვნელო და უაზრო საქმე, მაგრამ თამამად გეტყვით, რომ მე საჭირო ვარ აქ, ამ მიმართულებით. დიახ, დღეს მე ვაკეთებ ყველაზე დიდ საქმეს, ვიდრე როდესმე, ეს საქმე უკავშირდება 1 700 000 მოქალაქის ინტერესების წარმოდგენას და ლობირებას. თუ შევძლებთ კონსოლიდირებას იდეის გარშემო, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხის ეტაპობრივ დაბრუნებას და სრულიად რეალისტურია, საჭიროა მხოლოდ თამამი და პრაქტიკული ნაბიჯები, სწორი საკანონმდებლო აქტები და სპეციალური პირობების ამოქმედება შრომოსმოყვარე, დროის და ფულის ყადრის მცოდნე ჩვენი ემიგრანტებისთვის. პირადად ჩემთვის არსებობს 2 ყველაზე ეროვნული საქმე, ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების სახლებში დაბრუნება, მეორე კი ეს არის უვადოდ, პრაქტიკულად უიმედოდ გადახვეწილი ქართველი ხალხის სამშობლოში დაბრუნება. უფრო მეტს გეტყვით, პირადად მე დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვიდრე ხალხი გარბის ქვეყნიდან და ქვეყანა მათ ვერ სთავაზობს დაბრუნებისა და რეალიზების შესაძლებლობებს. ანუ ეს ორი იდეა, ჩემს ფიქრებში ურთიერთდაკავშირებულია. მინდა მოკრძალებული წვლილი შევიტანო, ეს შემიძლია, მინდა ამ საქმის გაკეთება და ვიცი გამომივა კიდეც, მთავარია ვკონსოლიდირდეთ, მიზნად დავისახოთ და ყველამ, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, ემიგრანტებმა, დიასპორამ ვიზრუნოთ ამ მიზნის მისაღწევად.

რა კუთხით მუშაობთ ემიგრანტებთან ?

ემიგრანტების პრობლემებზე, გამოწვევებზე ყოველთვის ვსაუბრობდი, ყოველთვის მქონდა ჩვენს ემიგრანტებთან ურთიერთობა, თუმცა გულწრფელად გეტყვით, ძალიან ვნანობ, რომ აქამდე მხოლოდ ზედაპირულად ვსაუბრობდი. ცხადია, ემიგრაციის შესახებ, ემიგრანტების პრობლემებზე და გამოწვევებზე ყოველთვის ვფლობდი ინფორმაციას, მაგრამ ვნანობ იმას, რომ ამდენი ხანი ასე აქტიურად არ ვიყავი ჩართული. თითქმის 7 თვე გავიდა, რაც ყოველდღიურად ვეცნობი ემიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, ვეცნობი რეკომენდაციებს, ვაწყობ შეხვედრებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ჩემი მიზანია ჩემს საინიციატივო ჯგუფთან ერთად შევქმნა პროექტები, რომლის ამოქმედების საშუალებით ჩვენს ხალხს მივცემთ საშუალებას დაბრუნდნენ სამშობლოში და უკვე აქ რეალიზდნენ. ცხადია, ამ საქმეს ვერ გააკეთებ, თუ ანგაჟირებული ხარ პარტიულად და პოლიტიკურად, ამიტომ, ახლა ყველაზე მეტ დროს ვუთმობ პროექტებს, რომლებზეც დაწყებული მაქვს კონსულტაციები და ვაპირებ პარლამენტთან და მთავრობასთან ინტენსიურ დიალოგს.  როცა ვამბობ, რომ ემიგრანტები უნდა დაბრუნდნენ, ჩნდება შეკითხვები, ბევრი ადამიანი ამ იდეას უყურებს სკეპტიკურად, თუმცა მათ ავიწყდებათ იგივე ისრაელის გამოცდილება, როცა ისრაელმა დაიწყო თავისი ხალხის უკან დაბრუნება და აწარმოა სახელმწიფოებრივი პროპაგანდა, მაშინ ისრაელი არ იყო ძლიერი, მაგრამ მათ ერთად შექმნეს მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევი სახელმწიფო, რომელიც ბევრი მიმართულებით დღეს მისაბაძი და მოწინავეა. ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს, საქართველოა ჩვენი სამშობლო. მე ვამბობ, რომ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა, უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები და სწორი სტრატეგიული პოლიტიკის წარმოების გზით შესაძლებელია ემიგრანტების ეტაპობრივად დაბრუნება, ვისაც არ სჯერა, ეს მათი უფლებაა, ვისაც აღიზიანებს ჩემი ინიციატივები, ვურჩევ დალიონ ცივი წყალი, საქართველო მზად არის თავისი შვილების მისაღებად, უბრალოდ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები.

რა დაგანახათ ემიგრანტებთან ურთიერთობამ ?

ემიგრანტებთან ურთიერთობა მე ახლა არ დამიწყია, პირადად ჩემი ოჯახიდან არიან ემიგრაციაში, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ამ ხალხთან მე მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და ახალი არაფერი არ დამინახია დღეს, თუმცა არ შემიძლია არ გამოვხატო დიდი პატივისცემა იმ სრულიად უცნობი ემიგრანტების მიმართ, რომლებიც ბოლო თვეების მანძილზე ინტენსიურად მეხმიანებიან, მწერენ, მიზიარებენ მოსაზრებებს. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ მე ამ ხალხმა დამანახა, რომ მათ ვჭირდები, რომ მათთვის ღირს მუშაობა, რომ სასიამოვნოა მათთვის ზრუნვა, მოქმედება და ისინი ამას ყოველთვის მიიღებენ ჩემგან. თავიდან ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ამ საქმეში პოლიტიკური დივიდენდების მიზანი მამოძრავებდა, როცა გაიგეს, რომ ჩემი ოჯახიდანაც არიან ემიგრანტები, როცა გაიგეს ჩემი ნამდვილი ნება, მიმიღეს და მეც მივიღე ისინი, ბევრს მიყვებიან, ბევრი ცდილობდა სხვადასხვა გზით მათთან კომუნიკაციას, სამწუხაროდ, ბევრმა არამზადამ სცადა მათი მოტყუება. საოცარი ხალხია ჩვენი ემიგრანტები, უამრავი პრობლემა აქვთ და აქეთ  მწერენ, რით დამეხმარონ, რამე ხომ არ მჭირდება, მე მათ ვუხსნი და ახლაც მინდა თქვენი სააგენტოს საშუალებით ვუთხრა, მე მჭირდება მხოლოდ მათი სამშობლოში დაბრუნება, სხვა დანარჩენზე მე ვიზრუნებ და ვეცდები ამ საქმეში პარტნიორი იყოს სახელმწიფო ორგანოები.

როგორ აფასებთ სახელმწიფო პოლიტიკას ემიგრანტებთან მიმართებაში ?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გზით კონსტიტუციაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას იზრუნოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი უდაოდ იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას, თუმცა ეს ცოტაა, სახელმწიფომ კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების გარდა უნდა იზრუნოს სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარებაზე და ეს უნდა ვაქციოთ კონსტიტუციური ვალდებულების დონის ვალდებულებად.

2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულია ,,სამშობლოში დაბრუნებლ პირთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა’’ , თუმცა იმდენად მწირია ამ პროგრამის ბიუჯეტი, რომ იგი რეადმისირებული, დეპორტირებული მიგრანტებისთვის სერვისსაც კი ვერ აუვა, მისი ბიუჯეტი მერყეობს ნახევარი მილიონის ფარგლებში, სწორედ ამიტომ, გამოვედი და ვამბობ, რომ ურეიტინგო პარტიების დაფინანსებას ჯობია, დავაფინანსოთ მაგ საბიუჯეტო ფულით თუნდაც ეს პროგრამა და გავზარდოთ 10 მილიონამდე მაინც. ამ პროგრამის განხილვა მიმდინარეობდა გასულ კვირას პარლამენტის დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტზე, კმაყოფილი დავრჩი, რადგან კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე იყო საკმოდ კრიტიკული და საქმიანი პროგრამის მიმართ, აქ მოხდა ჩვენი აზრების სრული თანხვედრა, ისიც სვამს შეკითხვებს,  რატომ არ იცოდა ამ პროგრამის არსებობა ფართო საზოგადოებამ, რა კრიტერიუმებით ხდებოდა პროგრამის ფინანსების გრანტის სახით გაცემა ორგანიზაციებზე, როგორ ხდებოდა შესრულებულ საქმიანობაზე მონიტორინგი და მიმდინარეობდა თუ არა საუბარი  პროგრამის ბიუჯეტის გაზრდაზე.

2015 წელს გაფორმებული იქნა ევროკავშირთან შეთანხმება ,,უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ’’ , ასევე ,,საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით’’  ჩვენ ნაკისრი გვაქვს ვალდებულება ვიზრუნოთ ჩვენი ემიგრანტების დაბრუნებაზე და სამშობლოში რეინტეგრაციაზე.

შრომითი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ მიერ საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნის, უნარების და დაგროვილი ფინანსური სახსრების ეფექტიან მიმართვას.

არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად არსებითად მნიშვნელოვანია შრომითი მიგრანტების მიმართ ამოქმედებულ იქნას სპეციალური საშეღავათო პირობები საგადასახადო-საბაჟო მიმართულებით, მათ შორის მნიშვნელოვანია საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან შეთავაზებულ იქნას შეღავათიანი კრედიტები მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად.

მიმაჩნია, რომ თამამი და სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით შესაძლებელია შრომით მიგრანტთა ეტაპობრივი დაბრუნება სამშობლოში. სწორი საშეღავათო პოლიტიკის წარმოებით და საფინანსო სექტორთან გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემდეგ შესაძლებელია მივიღოთ მოცემულობა, როცა საზღვარგარეთ გადახვეწილი თანამემამულეები რეალიზდებიან საკუთარ ქვეყანაში, შექმნიან სხვადასხვა ტიპის ბიზნესს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქართული ეკონომიკის განვითარებაში.