თუ საქმე ჯიჰადისტებთან გვაქვს, მათ სიკვდილი არ უჭირთ, ეს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი

ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი

-მესმის, რომ გაჭიანურებული დაძაბულობა ყველას გვქანცავს, მაგრამ მსგავს სპეცოპერაციებს, რამდენადაც ვიცი, მნიშვნელოვანი სპეციფიკა აქვს. ჯერ ერთი, თუ საქმე ჯიჰადისტებთან გვაქვს, არ არის გამორიცხული, ბინა დანაღმული იყოს და მაშინ შტურმი ჩვენი ბიჭებისათვის მახე აღმოჩნდება. მოგეხსენებათ, ჯიჰადისტებს სიკვდილი არ უჭირთ. ეს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი.

გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, სპეცეაზმელებისა და ტექნიკის გადაადგილების მუდმივ ცქერას თავად ტერორისტები მიჰყავს დაძაბულობის ზღვრამდე. ბევრი მათგანი ამას ვერ უძლებს და ან ნებდებიან, ან თავს იფეთქებენ. ამდენად. ტექნიკისა და მებრძოლების გადაადგილების ტელევიზიით ჩვენება არ არის ცალსახად ცუდი. მთავარია, სტრატეგიულმა ინფორმაციამ არ გაჟონოს და ოპერაცია შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ ჩატარდეს.

ჩვენ ხომ ახლა საფეხბურთო მატჩს არ ვუყურებთ, როცა უფლება გვაქვს, სასწრაფოდ გოლის გატანა მოვითხოვოთ. მითუმეტეს, როგორც მგონია, თავი უნდა შევიკავოთ სპეცოპერაციის მონაწილეთა განქიქებისაგან (მითუმეტეს, პოლიტიკური მოტივებით). ისინი ახლა ყოველ წამს ტყვიას ელიან და გულს ნუ გავუტეხავთ.