1990-2015 წლებში საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა!..

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე გასაჯაროვდა სტატისტიკა, რომლის მიხედვით 1990-2015 წლებში საქართველოში 31446 გოგო არ დაიბადა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა მშობლებმა წინასწარ იცოდნენ ბავშვის სქესი. სქესის გაგების შემდეგ კი დედა დაუფიქრებლად წავიდა აბორტის გასაკეთებლად და პატარას სიცოცხლეც შეწყდა!

კვლევის მიხედვით, რომელიც 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეფუძნება, ცნობილი ხდება, რომ 2010-2014 წლების მონაცემებით საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგო საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. ეს შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებული ბავშვებიდან 28 887 ბიჭია, 27 682 – გოგო, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი – 59 249-ს.

სწორედ ამ პრობლემას ეძღვნება ის საინფორმაციო კამპანია, რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი იწყებს ერთდროულად ქვემო ქართლში ევროკავშირის დახმარებითა და კახეთში შვედეთის მთავრობის დახმარებით. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან გაიმართება სპეციალურად შექმნილი საინფორმაციო შეხვედრები, რომელსაც სპეციალურად მომზადებული ფასილიტატორები წარუძღვებიან, რათა გახსნილად დაიწყოს საუბარი ამ საზიანო პრაქტიკის მიზეზების, მისი შედეგების შესახებ, რათა ხელი შევუწყოთ ამ სოციალური ნორმების და სტერეოტიპების შეცვლას.