პროექტები, რომლებიც გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება

როგორც უკვე ცნობილია, ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით დედაქალაქი დამატებით 60 მილიონ ლარს მიიღებს. შეთანხმება თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის უკვე მიღწეულია.

რომელი პროექტები დაფინანსდება გაზრდილი ბიუჯეტიდან? ამ თემაზე საუბრისას თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა:

-“პირველ რიგში, ეს იქნება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი 10 მეტროსადგურის რეაბილიტაციისა და მეტროს ოთხი შემადგენლობისთვის იქნება გამოყოფილი.

აგრეთვე ახალი შემადგენლობების დამატება. ანუ პრაქტიკულად ოთხი შემადგენლობით მეტი ივლის მეტროში. ორი დიდ ხაზზე და ორი პატარა ხაზზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოლოდინის დრო შევამციროთ სადგურებში და მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი გავზარდოთ. უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ 10-მდე სადგურს ჩაუტარდება სრული მოდერნიზება-რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები”.

ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერია 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის აღდგენაზე 20 მილიონ ლარს დახარჯავს, ორბელიანის მოედნის აღდგენისთვის კი – 16 მილიონ ლარს.