“თურქეთში 10 მილიონზე მეტი ქართველი ვართ… მე და ფერეიდნელმა მთელი ღამე ვიტირეთ, ისიც მუშტით გაამუსულმანეს”

 

რამდენიმე დღის წინ ამქვეყნიური ცხოვრება კიდევ ერთმა დიდებულმა, საქართველოზე უანგაროდ შეყვარებულმა ქართველმა, ილია ხიმშიაშვილმა დატოვა. მისი სახელი და გვარი იმდენად უცნობი იყო ქართველი ერისთვის, რომ მასზე ინტერნეტსივრცეში ინფორმაციაც ვერ მოვიძიე.

მასთან ინტერვიუ წლების წინ პროფესორმა პაატა ბუხრაშვილმა ჩაწერა, რომლისგანაც შევიტყვეთ ეს სამწუხარო ამბავი.

ილია ხიმშიაშვილი რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თურქეთში ე.წ მუჰაჯირობის (გადასახლების) მსხვერპლებს შორის იმ ქართველთა შთამომავალია, რომლებმაც  ქართული ენა დღემდე შემოინახეს და საქართველოს სიყვარულში, უცხო მიწაზე განვლეს სიცოცხლის წამებული წლები. მან სიცოცხლის ბოლო წლები გერმანიაში გაატარა. როგორც პაატა ბუხრაშვილი აღნიშნავს: „იგი გახლდათ ბევრი სასიკეთო საქმის თაოსანი, ახმედ მელაშვილის ერთ-ერთი თანამებრძოლთაგანი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად. მისი უშუალო ძალისხმევით გერმანიაში, ქალაქ ბადენ-ვიურტენბერგის მხარის ქალაქ ეპელჰაიმში, (სადაც ის ცხოვრობდა)მთავარ მოედანს „საქართველო“ ეწოდა. მისი ფინანსური მხარდაჭერით დაიშტამპა გერმანიაში დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოსთვის პირველი სამანქანე ნომრები სამფეროვანი დროშით. ასევე მისი ძალისხმევით დაინიშნა პირდაპირი რეისები თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით(რომელიც, სამწუხაროდ აღარ მოქმედებს). ის იყო იმ ბიზნესმენთა შორის, ვისი უშუალო მეცადინეობითაც საქართველოში იმ დამშეულ 90-იან წლებში ჰუმანიტარული დახმარების ხაზით შემოდიოდა ხორბალი.“

ილია ხიმშიაშვილი  მოგვითხრობს, თუ როგორ მიატოვეს აჭარის მთიანეთიდან გადასახლებული ქართველები თურქებმა ჭაობიან ადგილას და როგორ ააწყვეს ტყის პირას მათ მომავალი ცხოვრება.

ხულოს რაიონიდან თურქეთში მისი პაპა გადაუსახლებიათ. წარმოშობით თუშ აზნაურ ძმებს მეფის კარზე უმსახურიათ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს კაცი მოუკლავს და ორივე ძმა კახეთში გაქცეულა. კახეთში მათ ერთმანეთი დაუკარგავთ. ბატონ ილიას წინაპარს გზა გაუგრძელებია აჭარამდე და იქვე დასახლებულა. შემდეგ ადგილობრივი მოუყვანია ცოლად და გვარიც გაუმრავლებიათ. მისი ძმა კი კახეთში დარჩენილა. აჭარაში თურქების ბატონობის დროს იქაური მაცხოვრებლებისთვის უთქვამთ, რომ მალე ამ რეგიონს რუსები დაიპყრობდნენ და ვეღარ შეძლებდნენ მუსულმანური სარწმუნოების დაცვას, ამიტომ თურქეთში გადასახლება შესთავაზეს. თავიდან ქართველებს შეპირდნენ რომ ართვინში გადაასახლებდნენ, მაგრამ როდესაც გემით ართვინი უკან ჩამოიტოვეს, მოტყუებულმა ქართველებმა აჯანყება მოაწყვეს გემზე, რა დროსაც  სასოფლო სამეურნეო იარაღები გამოუყენებიათ. თურქებს ისინი ერთ მიტოვებულ ჭაობთან მიუყვანიათ და იქ დაუტოვებიათ, სადაც ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი ილია ხიმშიაშვილის მამის პაპამ, ალიბეი ფაშამ მთებისკენ წაიყვანა და მთის ძირში ტყეში დააბინავა. საქართველოდან წაღებული სხვადასხვა ხილის, ძირითადად ვაზის, მსხლის და ვაშლის ნერგებიც დარგეც და სამუშაო იარაღებიც გამოიყენეს. ერთ სოფელს, სადაც დასახლდნენ ხელექ-დეზუ (ღმერთისგან დაკარგული ვაკე) უწოდეს, მეორე სოფელს ჯავრუ ჰარმადი დაარქვეს, რაც ქართულად „ჯავრების კალოს“ ნიშნავს.

როდესაც თურქებმა ქართველები ჭაობიან ადგილას მიატოვეს, 60-70 წელი იქ არავის მოუკითხავთ, რადგან ეგონათ, რომ ყველა მათგანი დაიღუპა. არც ერთი მათგანი არ იყო აღწერილი, რადგან ტყეში ცხოვრობდნენ. აჭარიდან გადასახლებულმა ქართველებმა ირგვლივ მიწა დაამუშავეს, მოსავალი დათესეს, წისქვილები ააგეს სიმინდისა და ხორბლის დასაფქვავად. თვითონვე ამუშავებდნენ მატყლს ძაფებად და სამოსსაც თვითონვე იქსოვდნენ.

იმ სოფელში დაიბადნენ ილია ხიმშიაშვილის მშობლები. როგორც ბატონი ილია იხსენებს:

„სოფელში ქართულად ვლაპარაკობდით ყველა, მოხუცებიც და ბავშვებიც, რადგან თურქული სიტყვა არავინ ვიცოდით. სიმღერასაც ქართულად ასრულებდნენ და ტრადიციები, ქორწილიც ქართული იცოდნენ. ზამთარში დიდი თოვლი მოდიოდა. როდესაც მოხუცები ერთად შეიკრიბებოდნენ, სულ მემლექეთზე (სამშობლოზე) ლაპარაკობდნენ.

მე ისიც მახსოვს, დედაჩემი რომ ამბობდა ბებია ეკლესიაში დადიოდაო. ესე იგი აჭარლების გამუსულმანება არც თუ დიდი ხნის წინ მომხდარიყო.

1919 წელს გახსენებიათ თურქებს, რომ ამ სოფელში ხალხი ცხოვრობდა, რადგან სამამულო ომის დროს ყველას აღწერა მიდიოდა და ხალხი ჭირდებოდათ. ვინც წაიყვანეს ჩვენი სოფლიდან ქართველი კაცები, იმათ ომში ისწავლეს წერა-კითხვა. ომში ქართველები ბერძნების წინააღმდეგ გაგზავნეს, აღმოსავლეთში რომ გაეგზავნათ, მაშინ სამშობლოსთან ახლოს იქნებოდნენ და ეშინოდათ არ დაკავშირებოდნენ ქართველებს.“ თუმცა აჭარის სხვადასხვა ადგილებიდან გადასახლებული ქართველები ჯარში მაინც შეხვედრიან ერთმანეთს. მამაჩემს ჯარში უსწავლია თურქული წერა-კითხვა.  დედამ ცოტა იცოდა თურქული, მაგრამ ბებიაც და დედაც ისე გარდაიცვალნენ, მუდამ ქართულად ლაპარაკობდნენ. ბებიას ძმა, დედის ბიძაც ქრისტიანი ყოფილა და ეკლესიაში დადიოდა. მახსოვს, ბებიას შავი თავსაბურა ეხურა და თეთრი ჯვრები იყო მასზე ნაქარგი. როდესაც მჭადის ან პურის ცომს მოზელდა, მასზე ყოველთვის ჯვრის ფორმას გამოსახავდა ხოლმე. ბებია სანთელსაც ანთებდა. არასოდეს ალაჰს არ ახსენებდნენ, ყოველთვის ღმერთს მიმართავდნენ.“

„ღმერთის დაკარგული ვაკიდან“ ილიას ოჯახი ქალაქთან ახლოს, სხვა სოფელში  დასახლებულა. სწავლა როდესაც დაიწყო სკოლაში, თურქული ენა არ სცოდნია და  სკოლაში ამხანაგებთან ქართულად ლაპარკის გამო ქურთი პედაგოგი ბავშვებს ფიზიკურად ხშირად სჯიდა. უცხო ენას გერმანულს სწავლობდა.  გიმნაზიის შემდეგ სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში გერმანულ ენაზე გაუგრძელებია. ძალიან განიცდიდა, რომ ქართული წერა-კითხვა არ იცოდა.

შემდეგ გაიცნო თურქეთში მოღვაწე ქართველი აჰმედ მელაშვილი, რომელიც ქართული ფესვებით და საქმიანობით ისევ სამშობლოსთან იყო დაკავშირებული.

„20-მდე ქართველი ახალგაზრდა შევიკრიბეთ და მოლაშვილს პირველად ქალაქ იზნიკში შევხვდით. ამ ქალაქში ძალიან ბევრი გადასახლებული ქართველი ცხოვრობს. აჰმედმა გვითხრა, პირველ რიგში ქართული წერა-კითხვა უნდა ისწავლოთო, შემდეგ ქართველი მეფეების სახელები გვასწავლა, ქართული ფირფიტები მოგვასმენინა. ყველა შეხვედრაზე საქართველოს ისტორიაზე გველაპარაკებოიდა. დედა-ენის წიგნები გვაჩუქა. ქართველების მისამართებიც გამომართვა. გაგვაფრთხილა, ქართველებთან მუდამ მშობლიურ ენაზე ისაუბრეთო.

70-იან წლებში თურქეთში მემარცხენეები იყვნენ გააქტიურები, მათ თურქეთის ხელისუფლება დევნიდა და დღეში 30-40 კაცის მკვლელობა ხდებოდა მემარჯვენე და მემარცხენე მხარეებს შორის. ამ დროს აფხაზები და ჩერქეზებიც, ისევე როგორც ჩვენ,  მემარცხენეების მხარდამჭერები ვიყავით. მელაშვილმა ქართული სახელებიც დაარქვა ყველას. ყველგან ქართულად ვლაპარაკობდით, მაგრამ თურქული პოლიცია გვიკრძალავდა ქართულად საუბარს.  ქართველები როდესაც იგებდნენ ჩვენს შესახებ მოდიოდნენ და ვეცნობოდით ერთმანეთს. ძალიან ბევრნი გავხდით. დაიწყო მთავრობამ ჩემი შევიწროვება. ქალაქის მთავარ გაზეთში ჩემი სტატიები იბეჭდებოდა, პედაგოგიკის თემაზე მიმქონდა, მაგრამ შიგაშიგ ვაპარებდი სოციალურ და პოლიტიკურ  პრობლემებსსაც.

1972 წელს მელაშვილმა დამიძახა და მითხრა ქვეყანა უნდა დატოვო, საფრანგეთში, ან გერმანიაში უნდა წახვიდე რადგან გერმანული იცი და  ევროპიდან უნდა გააკეთო საქართველოსთვის რამეო. იმ პერიოდში თურქეთიდან ევროპაში წასვლა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა. საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებების შემდეგ ჯერ საფრანგეთში ჩავედი, 1973 წელს კი გერმანიაში გადავედი. მეუღლე უკვე გერმანიაში დამხვდა.  თურქეთში ქართველების მისამართები მომცეს და ეტაპობრივად ყველა გავიცანი.

გერმანიიდან მალევე საქართველოში ჩავედი. თბილისში ათონელის ქუჩაზე იყო ასეთი ორგანიზაცია „გოქსი“ – უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირის საზოგადოება. აქედან მოწვევა გამომიგზავნა გიგინეიშვილმა და ამ გზით ჩამოვედი. მეორედ რომ ჩავედი, გიორგი გორგიშვილმა გამატანა არალეგალური წიგნები, რომლებიც ძირითადად საქართველოს თავისუფლების თემაზე იყო.  ეს წიგნები ჩოლოყაშვილის ჯგუფის თაოსნობით სან-ფრანცისკოში დაიბეჭდა.

საქართველოში მეორედ ჩამოსვლისას ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელმაც კონსტანტინე გამსახურდიასთან დამაკავშირა. დიდმა კონსტანტინემ კოლხურ კოშკში მიმიღო. ჩოლოყაშვილის ჯგუფის წიგნი გადავეცი. შენ აუცილებლად ზვიადი უნდა გაიცნოო, მითხრა.

გერმანიაში ბევრი ქართველია წამოსული თურქეთიდან, მაგრამ მათმა შთამომავლებმა, ახალგაზრდებმა აღარ იციან მშობლიური ენა ისე კარგად, როგორც ჩვენმა თაობამ. ერთხელ ერთ ქართველს ვუთხარი საქართველოში წავიდეთ იქ დავსახლდეთ მეთქი და როდესაც საქართველო ავსტრიის დონეზე იქნება, მაშინ ჩავალ საცხოვრებლადო.

თუ მეღირსა და არ მოვკვდი, თურქეთიდან ქართველები უნდა წავიყვანო, ჩვენ ციდან არ ჩამოვცვივდით, ეს ისტორიული ადგილი  ჩვენი მიწა-წყალია.

იმდღეს ფერეიდნელი იოსელიანი შემხვდა, მთელი ღამე ვიტირეთ, ისინიც მოგლიჯეს, ჩვენც მოგლეჯილები ვართ, მერე მუშტით გაამუსულმანეს ეს ხალხი. მე დღეს ჩემს მამულში მინდა, მე რომ მოვკვდები, დაწერილი მაქვს, ჩემი სხივი, ეს რაც ვარ, ჩემს მიწას უნდა მიემატოს. იქ უნდა დავიმარხო მე, იმიტომ რომ მე იქაური ვარ.

თურქეთიდან ქართველების 200-მდე ოჯახი წაყვანილი მყავს აჭარაში, ყველაფერი გავაყიდინე თურქეთში. ბათუმში ცხოვრობენ ახლა. თავისი ნათესავებიც მოძებნეს, პენსიასაც საქართველოში იღებენ. მესხები რატომ დააბრუნეს საქართველოში? მე რომ დავბრუნდები ჩემს მიწა-წყალზე, ვინ დამიბრუნებს ჩემი წინაპრების კუთვნილ ადგილს? ამბობენ თურქებმა შეიტანესო ევროპის პარლამენტში მოთხოვნა მესხების დაბრუნებაზე, მაშინ თურქებმაც დაგვიბრუნონ ართვინი. ევროპის პარლამენტში ჩვენ შევიტანეთ სარჩელი და საქართველოს ძირძველი მიწა-წყლის, ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების დაცვა მოვთხოვეთ. თურქებმა ძალიან ბევრი ქართული ძეგლი დაანგრიეს და რასაც ვერ მოერივნენ, ისინი მაინც გადავარჩინოთ.

ამერიკელი იტალიელის აღწერით, თურქეთში  5-6 მილიონი ქართველი ცხოვრობს, ჩვენ კი ვიცით რომ 10 მილიონზე მეტი ვართ, რომლებმაც ქართული იცის. მე რომ თურქეთში ვცხოვრობდი, ვერ ვამბობდი, რომ ქართველი ვარ. ქართველები მუჰაჯირობის, გადასახლების დროს დაფანტეს შუა ანატოლიაში, ადანაში, კონიაში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე. ერთ ადგილას იცით რატომ არ ჩაასახლეს, მათი სიძლიერის ეშინოდათ.

დღეს ქართველი თავის მიწა-წყალს თურქებზე, არაბებზე ჩინელებზე ყიდის. რატომ კაცო? -ფული არ მაქვსო ამბობს. აჭარიდან გადასახლებული ქართველები, ჭაობიან ადგილას დაყარეს სასიკვდილოდ და ისინი გადავრჩით და გავმრავლდით და თქვენ რა გემართებათ?

მოამზადა ფიქრია წიკლაურმა