ეკლესიის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი პატრიარქის კურთხევით მოხდა

გიორგი ტიგინაშვილი

როგორც ვხედავთ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ერთობ არარელევანტური, არაკვალიფიციური, ისტერიკული და აგრესიული გზავნილები გაჩნდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მისამართით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ზოგიერთის აზრით, აღნიშნული ვიზიტი მოღალატურია და “მეუფე შიოს პიროვნების განეიტრალებასა და მისდამი მტრობას” უკავშირდება, რაც ძალიან სასაცილო, არასერიოზული თუ ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარი გამოვლინებაა და მეტი არაფერი.

ჯერ ერთი, ხსენებული ვიზიტი რამდენიმე თვით ადრე დაიგეგმა და შესაბამისად იგი ვერ იქნება ვერანაირ კავშირში მოსაყდრის არჩევასთან. ამასთან, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მისივე რეზოლუციით მოხდა დელეგაციის შემადგენლობის დაკომპლექტება და მათთვის გამგზავრებაზე ნებართვის გაცემა. აგრეთვე, მოცემულმა ჯგუფმა, ვაშინგტონში წასვლამდე კონკრეტული თემების ირგვლივ კონფიდენციალური მსჯელობა გამართა საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან, დიპლომატიურ კორპუსთან თუ ექსპერტთა კოლეგიასთან, რომელნიც აშშ-საქართველოს პარტნიორულ ფორმატში არსებულ საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა. ამდენად, ნებისმიერი კრიტიკული თუ ცილისმწამებლური შეფასება, მხოლოოდენ სპეკულაციებისა და გულგოროზი ინსინუაციების გამოხატულებაა!

ვის სურს საქართველოს იზოლაცია და მხოლოდ ჩრდილოეთისკენ მზის დანახვა? – კრემლის ემისრებს, ძერჟავნიზმის რეზიდენტებსა და ცოფიან ბნელებს, რომელთაც ყველგან დეგრადაცია ელანდებათ და ამიტომაც ცდილობენ ყოველივე ქრისტიანულისა და ცივილიზებულის დისკრედიტაციას!

იმ ადმიანებს კი, ვინც მიზანთროპიული გავეშებით ცდილობენ, რომ ვიზიტის დისკრედიტაცია მოახდინონ და გულში მჯიღის ჩაცემით პატრიოტობა დაგვიმტკიცონ, მინდა დავეკითხო შემდეგში:

1) რატომ არასდროს არ აპროტესტებთ ოკუპაციას?
2) რატომ არასდროს არ ღიზიანდებით კრემლში საქართველოს ეკლესიის დელეგაციის ვიზიტებზე?
3) რატომ არ აპროტესტებთ რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერ ჯერ კოკოითი-ბაღაფშის, ხოლო ამჟამად კი ბიბილოვ-ხაჯიმბას მიმართ გამოხატულ სიმპათიებს, რომელიც მათდამი “დამოუკიდებლობის” მილოცვაში გამოიხატება?
4) რატომ არ აპროტესტებთ იმ ვანდალიზმს, რომელიც ხორციელდება დრანდის, მოქვის, ახალი ათონის, ბიჭვინთის, კომანის, ცხუმის, ცხრაკარას, ზღუდერის, იკორთის, თირის და სხვა ექსპანსირებული კათედრალების მიმართ, რომელსაც რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლობა სჩადის?

არ შეიძლება აშშ-ს ასეთი დემონიზაცია და დამპყრობელი რუსეთის მმართველი აპარატის საკრალიზაცია, როცა თვალსახილველი სივრცე სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ახლანდელი ამერიკა და რუსეთი სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან და ნაბიჯებს ერთმანეთისკენ დგამენ და ჩვენ უნდა გავემიჯნოთ?!

სამწუხაროდ, ბრალმდებელნი აბსოლუტურად ვერ ერკვევით ეკლესიოლოგიურ მისიასა და დანიშნულებაში და განცხადებებიც შესაბამისი გაქვთ.

ეკლესია არის მშვიდობის დესპანი და ის ყველასთან დიალოგის ფორმატს განიხილავს და ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოსა თუ ერის უანგარო სამსახურშია, იქნება ეს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება თუ მოკავშირე აშშ-სთან სიახლოვე. ამიტომ დიდი ბოდიში თუ თქვენი ადრენალინისთვის აღმგზნებ მძულვარებას არ მისდევს ოფიციალური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია!