არეულობა ახლო აღმოსავლეთში და ნეთანიაჰუს პასუხი პალესტინელებს

“პალესტინამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარიზში, პრეზიდენტ ემანუელ მარკონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

ნეთანიაჰუს თქმით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია უკვე სამი ათასი წელია და ის “სხვა არცერთი ხალხის დედაქალაქი არ ყოფილა”.

მისი თქმით, “იერუსალიმთან ებრაელი ხალხის ათასწლოვანი კავშირის განხილვაზე მსჯელობა აბსურდია”.

“ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ მშვენიერ წიგნში – ბიბლიაში”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მან პალესტინის ლიდერს დიალოგის მაგიდასთან დაჯდომაც შესთავაზა ამ მოწოდებას “მშვიდობის ჟესტი” უწოდა.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისი პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს კაიროში იერუსალიმთან დაკავშირებით სასაურბოდ 11 დეკემბერს ელოდება.

22-მა არაბულმა სახელმწიფომ აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა, რადგან ამან შესაძლოა ახლო ახლო აღმოსავლეთში ქაოსი გამოიწვიოს.

იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ს მიბაძონ და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.

მსოფლიოს მუსლიმებს პალესტინური საკითხი ყოველთვის აერთიანებდა. ისინი შეიძლება ბევრ თემაზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგალითად სირიაზეა ან ერაყზე, მაგრამ როდესაც საქმე პალესტინელებს ეხება, განსაკუთრებით კი იერუსალიმის სტატუსს, როგორც სიწმინდეს, ისინი ერთ ფრონტად ერთიანდებიან. ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილო მუსლიმები დღეს 56 ქვეყანაში ცხოვრობენ. ამ ქვეყნებში ისინი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. მთლიანობაში ეს 1,5 მილიარდი ადამიანია, კერძოდ, პლანეტის მოსახლეობის 22%.

ლიბანში აშშ-ის საელჩოსთან დემონსტრაცია არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. არიან დაშავებულები. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

კომუნისტებისა და მემარცხენე პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს, რომელიც იერუსალიმის ისარელის დედაქალაქად აღიარებას შეეხება.

დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად ისრაელის დროშა და ტრამპის გამოსახულება დაწვეს. მანამდე ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯებრან ბასილმა არაბულ ქვეყნებს დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო, აშშ-ის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა.