უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან მძიმე ვითარებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით,  საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მძიმე ვითარებაშია.

ამის შესახებ  უსუფაშვილმა  “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

“საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან მძიმე ვითარებაში და ამ ვითარებიდან სასამართლოს სჭირდება გამოყვანა. მე ვფიქრობ არა ჩემს თავზე სასამართლოში, არამედ ჩემზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომელსაც აქვს უფლება საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნი ახალი წევრი. იმიტომ რომ სექტემბერში ვადა გაუდის 4 მოქმედ მოსამართლეს. აქედან ერთი დანიშნულია პარლამენტის მიერ. ყველა ზომას ვიხმარ იმისთვის, რომ პარლამენტს შევთავაზო ღირსეული კანდიდატურა, დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი ასევე მოიქცევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასევე მოიქცევა. ჩვენ შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გავაძლიეროთ და გავამაგროთ 4 ახალი პრინციპული, კვალიფიციური, ავტორიტეტის მქონე მოსამართლით.

ეს არის უკიდურესად აუცილებელი. სხვა შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი მდგომარეობის დიდხანს გაგრძელება მიუხედავად იმისა, ვინ მტყუანია, ვინ მართალია იქ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სტაბილურობას” – განაცხადა  უსუფაშვილმა.

კომენტარის დატოვება