ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მისი თქმით, 1948 წლის 10 დეკემბერს    გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებით საერთაშორისო თანამეგობრობამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები  არის უზენაესი ღირებულებები, რომელსაც ცივილიზებული სამყარო და  ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დეკლარაციის სულისკვეთებას იზიარებს საქართველოც.

„საქართველო მიერთებულია ამ დოკუმენტთან და მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო  წარმოადგენს რეგიონში მოწინავე სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიული ღირებულებების განუხრელი ერთგულების თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო  ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ანგარიში.  ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო, ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც არის უკვე მიღწეული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება მასშტაბური რეფორმები იმისათვის, რომ  კიდევ უფრო ამაღლდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში, რეფორმები ხორციელდება ისეთი მიმართულებით, როგორიც არის, მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, გენდერული თანასწორობის კუთხით, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები, სასამართლო სისტემის დახვეწის კუთხით, სისხლის სამართლის რეფორმირება ხორციელდება და ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ რეფორმების ეფექტიანი და დროული განხორციელება  საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის და თანადგომის გარეშე გართულდებოდა. ირაკლი კობახიძემ   საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ადამიანის უფლებათა გაეროს კომისრის ოფისის როლზე გაამახვილა და  აღნიშნა, რომ ოფისი რეგიონში უკვე ათი წელია, წარმატებულად საქმიანობს.