“თუ კვირიკაშვილი არ გადადგება, ყველანაირი სტრუქტურული ცვლილება აზრს მოკლებულია”

პარლამენტს დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

“პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის დამტკიცების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ადა მარშანის განცხადებით, ისინი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დარბაზს დატოვებენ.

“აზრს ვერ ვხედავთ მთავრობის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა მივიღოთ. არც იმას ველოდებით, რომ კითხვებზე პასუხი იქნება გაცემული, ამიტომ დავტოვებთ დარბაზს. თუ გიორგი კვირიკაშვილი თავად არ გადადგება, ყველანაირი სტრუქტურული ცვლილება აზრს მოკლებულია,”- განაცხადა ადა მარშანიამ.

ცნობისთვის, კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტში პრეზიდენტი წარადგენს, ამ საკითხის განსახილველად კი პარლამენტს 7 დღე აქვს.

შეგახსენებთ, რომ

ცვლილების მიხედვით, ორი სამინისტრო იცვლის სახელწოდებას. კერძოდ, კანონპროექტით, იშლება სპორტის სამინისტრო. სპორტის კომპონენტი უერთდება კულტურის სამინისტროს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდება ჩანაცვლდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.

გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება იცვლის სახელწოდებას და იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელი უცვლელი რჩება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელიც უცვლელი იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძველს სახელს ინარჩუნებს.

კანონპროექტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაერთიანებასაც ითვალისწინებს. შეიქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელიც პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.