რუსეთის ფილმსაცავში დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოს დაუბრუნდა

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება. ქართულ მხარეს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა.

„ქორწილი“ – რეჟისორი მიხეილ კობახიძე, “ქოლგა” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე, “მუსიკოსები” – რეჟისორი მიხეილ კობახიძე, “ფეოლა” – რეჟისორი ბაადურ წულაძე, “შერეკილები” – რეჟისორი ელდარ შენგელაია, “ფრთოსანი მღებავი” – რეჟისორი ლეო ესაკია, |ქაჯეთი| – რეჟისორი კოტე მიქაბერიძე, “ვინ არის დამნაშავე?” – რეჟისორი ალ. წუწუნავა, “ამოკი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, “სამანიშვილის დედინაცვალი” – რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, “ელისო” – რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.

ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან – „გოსფილმოფონდი“, 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.

პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი – „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი – „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას, 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.