პუტინმა პირობა დადო, რომ განიხილავს სექსუალური უმცირესობის უფლებებს ჩრდილოეთ კავკასიაში

„ახალმა გაზეთმა“ („Новая газета“) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში დააკავეს დაახლოებით 100 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში. გაზეთის ინფორმაციით მათგან 3 მოქალაქე მოკლულია.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული ინფორმაცია განიხილა ჩეჩნეთის მთავართან. პესკოვი ამბობს, რომ კადიროვმა ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მედიაში მიზანმიმართულად ვრცელდება პროვოკაციული ინფორმაციები და ჩეჩნეთში არავინ ავიწყოვებს სექსუალურ უმცირესობას.

ამ საუბრის შემდეგ, პუტინმა ადამიანის უფლებათა დამცველ ტატიანა მოსკალკოვასთან პირობა დადო, რომ აუცილებლად დაელაპარაკება გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს და პრობლემის მოგვარებას მოსთხოვს.

-„მე აუცილებლად დაველაპარაკები  გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს და ვეტყვი, რომ მხარი დაგიჭირონ იმ საკითხში, რაც თქვენ წინა პლანზე წამოწიეთ და პირობას გაძლევთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არ იქნებიან შევიწროვებულნი და არ დაირღვევა მათი უფლებები“-განაცხადა პუტინმა უფლებადამცველთან.