პრემიერის „ნედლი იდეა“ და საზოგადოების მწვავე შეფასება…

პრემიერის განცხადებას – „ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ“ საზოგადოებაში მწვავე შეფასება მოჰყვა. პრემიერმა განმარტა, რომ ეს მექანიზმიმეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება.

”სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა შემოვიღოთ მექანიზმები, რომელიც გაცილებით მეტად შეჭირვებულ ადამიანებს დაეხმარება. მე თანხის დაზოგვაზე არ ვსაუბრობ – ვსაუბრობ გაჭირვებული ადამიანების ან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ბაღის გადასახადს ვერ იხდიან, მათი უზრუნველყოფა გახდეს უფრო მაღალხარისხიანი, მათი დახმარება უფრო მასშტაბური, მაგრამ შედარებით შეძლებულ ადამინებს მოუწიოთ გადასახადის გადახდა. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და გააუმჯობესებს იმ ადამიანებისთვის მიღებულ სერვისებს, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად საჭიროებენ” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის თქმით „ეს ნედლი იდეაა, რომელსაც დამუშავება სჭირდება“, საზოგადოებას სასტიკად არ მოსწონს, რაც კარგად ჩანს სოციალურ ქსელშიც.

აი, რას წერს ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია:

-პრემიერის განცხადებით – გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ!

ბატონო პრემიერო, კიდევ ერთხელ ხართ სამარცხვინო. თქვენ შექმენით სრულიად უსამართლოდ სოციალური სისტემა და იმის აზრზეც კი არ ხართ, ვის და რა კატეგორიას დაგვყავს საჯარო ბაღში შვილები.
ვისაც მცირედი შესაძლებლობა აქვს, შვილები ლამის 60 ბავშვიან საჯარო ბაღში კი არ დაჰყავს, არამედ კერძო ბაღში.

კიდევ ერთხელ ჩანს, რა არაადეკვატურიც გახდით; საერთოდ აზრზე არ ხართ, ხალხი როგორ ვცხოვრობთ, რა გვიჭირს, რა გვილხინს. გაქვთ სრულიად უსამართლო სოციალური შეფასების სისტემა და ახლა გაჭირვებულ ხალხს, რაც გაძვირებით ვერ გაგვანადგურეთ, ახლა გინდათ რომ დაგვაყაჩაღოთ ამ კუთხითაც, თან რისთვის, რომ შემდეგ ისევ თქვენი ჩინოვნიკები გააძღოთ პრემია-დანამატებით.

გთავაზობთ ღია ეთერს, ჩემთან; თუ გაქვთ რამე სათქმელი, მოდით და მითხარით მე, როგორც მოქალაქეს, როგორც ერთი გადაცემის წამყვანს; მობრძანდით, იქნებ ჩემთან საუბრით როგორმე მცირედად მაინც გაიგოთ რა ხდება თქვენს ქვეყანაში;

ბატონო პრემიერო, თქვენს ნაცვლად მრცხვენია, რომ ასე დაკარგეთ რეალობისა და ადეკვატურობის შეგრძნება;

ჩვენი ხელისუფლების მოქმედება, აგერ უკვე მეორე წელია, 2016 წლის შემდეგ ადამიანობასაც გაცდა და ირიბი ტირანიის რეჟიმში გადადის.
მე მოვამზადებ მალე ღია წერილს თქვენს სახელზე, თუ ვინმე მოქალაქე კიდევ რამედ გიღირთ, თუ საბოლოოდ არ გაწყვიტეთ კავშირი ხალხთან. თუმცა, მანამდე გთავაზობთ ჩემს ეთერს, მობრძანდით და მესაუბრეთ, თუ პასუხები არ გექნებათ, იქნებ ის მაინც მოისმინოთ, რაცსაც ალბათ ბევრის სახელით გეტყვით“.

არანაკლებ აღაშფოთა და გააბრაზა კიდეც პრემიერის განცხადებამ “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია.

-“პრემიერმა ტრაგიკული გამომეტყველებით მოგვახსენა (თუ მოგვისამძიმრა) – საბავშვო ბაღებში ბავშვთა ნაკადი მატულობსო, ამიტომ გადასახადი უნდა დავაწესოთო..
როგორ გაგვიმართლა ბატონო პრემიერო, რომ 1,7 მლნ-ზე მეტი ჩვენი თანამემამულეა საქართველოდან ემიგრირებული, თორემ რა გაუმკლავდებოდა მოსახლეობის ზრდას!…მოსახლეობა არც იზრდება, უბრალოდ საბაბი მოიფიქრეს გადასახადების დასაწესებლად, და ეს ძალიან ცუდი ფორმით გაკეთდა!

ბავშვების ხელოვნურად დიფერენცირებას ახდენენ, რაც არასწორია. არადა აწვებიან ლიბერალურ თანასწორობას. რომელი თანასწორობაა ეს, როცა ბავშვმა უკვე ბაღიდან იცის, რომ ის სხვა ბავშვზე რაღაცით ნაკლებია ან მეტია? საერთოდ შეეშვან ამ დარგს, ნუ დაღუპავენ თაობას…
თქვენ ნორმალურები ხართ???
ღმერთმა გვამრავლოს!”-აცხადებს ფანცულაია.

კომენტარები და შეფასებები მრავლად შეგვხვდა სოციალურ ქსელში, თუმცა დაველოდოთ, როგორ „დამუშავდება ნედლი იდეა“, უბრალოდ იმედს ვიტოვებთ ხელისუფლება ამ საკითხში მაინც გაითვალისწინებს საზოგადოების აზრს და გამართავს  კონსულტაციებს მოქალაქეებთან.