გაზაფხულზე გახარიას გაპრემიერების შემდეგ პოლიტიკური რეპრესიების რეჟიმში მოგვიწევს ბრძოლა!

“პოლიტიკური პროცესები უაღრესად კრიტიკულ ფაზაში შედის”.

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”, ეკონომიკის ექსპერტი

გაზაფხულზე გახარიას გაპრემიერების შემდეგ დაიწყება პოლიტიკური გარემოს მაქსიმალური და გამალებული სინქრონიზაცია რუსულ, პუტინისეულ მოდელთან, რაზეც გუშინ ინგა გრიგოლიას “რეაქციაშიც” ვრცლად ვილაპარაკე. გახარია შეეცდება იგივე პოლიტტექნოლოგიები გამოიყენოს, რასაც იყენებს პუტინის ხელისუფლება და მთავარ იდეოლოგიურ ლოზუნგად გამოიყენებს პუტინის უკვე გაცვეთილ “სტაბილურობას”. რომლის იმპლემენტაციის მთავარი ინსტრუმენტი იქნება უპრეცენდენტო პოლიტიკური რეპრესიები, რათა ასეთი უხეში ფორმით ჩაახშოს ის საპროტესტო მუხტი, რომელიც უკვე დაგროვდა საზოგადოებაში გაუსაძლისი ცხოვრების გამო და არ მისცეს ოპოზიციას საშუალება მოახდინოს საზოგადოების პროტესტის პოლიტიკური კაპიტალიზაცია. სხვანაირად ვერც ივანიშვილი შეინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერც პუტინი შეინარჩუნებს საქართველოში კოლაბორაციონისტ ხელისუფლებას. ამიტომ, ოპოზიციაც და საზოგადოებაც უნდა მოვემზადოთ უპრეცენდენტო პოლიტიკური რეპრესიების რეჟიმში ბრძოლის გასაგრძელებლად. ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი ოპოზიციურ პარტიებში ამ მიზნებისათვის, რათა გავუმკლავდეთ ახალ გამოწვევებს და გავიმარჯვოთ ხალხთან ერთად.

დღემდე ივანიშვილის კოლაბორაციონისტი და კორუმპირებული ხელისუფლება ამარცხებდა არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ ხალხს. ამარცხებდა ყოვლად უკანონო მეთოდებით და პოლიტიკური ველის მოსუფთავებით – ოპოზიციის მოსყიდვით, დაშინებით და მათთვის ყოველგვარი ფინანსური წყაროების მოსპობით. ყველაზე ეფექტურად კი იყენებდა მართვის “მდორე ლპობის” კონცეფციას, სადაც მთავარი იყო დროში ისე გაეწელა სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის პროცესები, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეებში იმ მოცულობის საპროტესტო მუხტის დაგროვება, რომელიც გამოიწვევდა სოციალური აფეთქებას.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღემდე ივანიშვილმა დიდი წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას. მაგრამ, აქსიომაა, რომ ენერგია არ იკარგება და გადაუჭრელი უმწვავესი პრობლემების დაგროვების ფონზე, განსაკუთრებით კი სოციალურ სეგმენტში ეს საპროტესტო მუხტი შეკუმშული ზამბარის პრინციპით აუცილებლად იმოქმედებს და ეს ძალიან კარგად იცის თავად ივანიშვილმა და მითუმეტეს იციან კრემლში. ახლავე ვაცხადებ, რომ საპროტესტო ფრონტის ხაზი აუცილებლად გაივლის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ პოლიტიკურად ბეცი მოქალაქეების ან პოლიტიკოსების არგუმენტს, რომ ქართველი კაცი გაჭირვების გამო არასოდეს აჯანყებულაო. თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში საქართველოში დაიწყება აქამდე არნახული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. რომელთა კატალიზატორი იქნება ხელისუფლების მიერ მიმდინარე წელს პოპულისტური და ერთჯერადი ეფექტისთვის გატარებული ეკონომიკური ზრდის მახინჯი პოლიტიკა. ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის მქონე იყო დღემდე მიუღებელი, ძალიან მცირე ეკონომიკური ზრდის სტატისტიკური მაჩვენებლები. უუნარობის გამო ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო ყველაზე დამანგრეველი გადაწყვეტილება და სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენა ინფლაციის უპრეცენდენტო ზრდის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის ყველაზე მახინჯი მოდელი. რამაც გამოიწვია ცხოვრების უპრეცენდენტოდ გაძვირება, განსაკუთრებით კი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე დაუცველი ნაწილისთვის. ამ მაკროეკონომიკური ინსტრუმენტის – ინფლაციის ყველაზე დამანგრეველი ეფექტია მოსახლეობის გაღარიბება და გადახდისუნარიანობის უკიდურესად შემცირება. რაც გარდაუვლად ყველაზე დიდ პრობლემად დაუდგება ამ მავნებელ ხელისუფლებას მომდევნო 2018 წელს. იმიტომ, რომ მიმდინარე წლის ეკონომიკური სტატისტიკის გამოსწორების მიზნით ხელისუფლებამ გამოწურულ ლიმონად აქცია მოქალაქეთა კეთილდღეობა. შედეგად 2018 წელიდან საქართველოს მოქალაქეები, მათი უდიდესი უმრავლესობა ფაქტიურად შიმშილის პრობლემის წინაშე დადგება და ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი მაკროეკონომიკური ინსტრუმენტი ამ საშინელ გამოწვევასთან გასამკლავებლად. შედეგად, ხელისუფლებას ეზღუდება არჩევანი და იძულებული იქნება შექმნას „მტრის ხატი“, რომელსაც დააბრალებს ამ უბედურებებს. ხოლო, ამ საქმეს სათავეში ჩაუდგება მომავალი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია. ანუ, ყოველგვარი უტრირების გარეშე ცალსახად ვაცხადებ, რომ ის მოგვევლინება ახალი ეჟოვის როლში.

ამ პროცესებისგან გამოწვეული პოლიტიკური რისკების ნიველირებისათვის ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობაშივე დაიწყო იმ ახალი ფეიკური პოლიტიკური პარტიების შექმნა რომლებსაც 2020 წლისთვის აქტიურად გამოიყვანს პოლიტიკურ ასპარეზზე, დემოკრატიული პროცესების იმიტაციის მიზნით. ზუსტად ამ მიზნებისთვის მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის რამოდენიმე ფრაქციად დაშლა. სწორედ ეს ახალი ფრაქციები არიან იმ ფეიკი ოპოზიციური პარტიების ემბრიონები, რომლებსაც ივანიშვილი შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვაჩეჩებს როგორც კონსტრუქციულ პოლიტიკურ ოპოზიციას. რაც ცალსახად იდენტური იქნება პუტინისეული მოდელის. პუტინსაც ხომ ყავს ამგვარი ფსევდო ოპოზიცია – ჟირინოვსკი, ზიუგანოვი და ა.შ. ხოლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაიწყება სრულმასშტაბიანი, აქამდე არნახული პოლიტიკური რეპრესიების კამპანია, რათა უხეში, რეპრესიული ძალის გამოყენებით გაანადგურონ ეს ყველაზე დიდი და ფაქტიურად ერთად-ერთი პროდასავლური ოპოზიციური ძალა.

ეს ჩემი პოლიტიკური ანალიზი სულაც არ უნდა იქცეს პესიმიზმის საფუძვლად. პირიქით, მოგიწოდებთ კონცენტრირებისკენ, მობილიზაციისკენ და მხნეობისკენ. ნებისმიერი, ყველაზე შავი ღრუბელის უკან ყოველთვის არის მზე. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში იწყება იდეალისტების ეპოქა. შეუპოვარი, უპრეცენდენტო ბრძოლის ეპოქა, რომელიც არ მომერიდება და ვიტყვი, რომ გადაივლის გმირი ადამიანების მხრებზე. ქვეყნის ისტორიას ყოველთვის წერს და უკეთესობისკენ ცვლის აქტიური უმცირესობა. ხოლო, გამარჯვების შემდეგ მიღებულ ნაყოფს კეთილად მოიხმარს პასიური უმრავლესობა. ეს არის პოლიტიკური მეცნიერების ქრესტომათია. ვიყოთ გაუტეხელნი და შეუპოვარნი. ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი დასაცავია მისი მომავალი.