“მარიხუანას გავრცელება ისევ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს” – ვისი სარჩელი დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლომ

 

ფიქრია წიკლაური

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ჩვენს წინა ინტერვიუს ფსიქოლოგი გივი შანიძე გამოეხმაურა. საკონსტიტუციო სასამართლომ  მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ სწორედ მისი სარჩელი დააკმაყოფილა.

-გივი,  რა სახის სარჩელი შეიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და რას მოითხოვდით?

-მარიხუანას მოხმარების გამო რამდენჯერმე გამასამართლეს. პირველად სტუდენტობის ასაკში. უმაღლესი სასწავლებელი როდესაც დავამთავრე ნასამართლეობის გამო სამსახურის შოვნა გამიჭირდა. საზოგადოების ნაწილისთვის კრიმინალი ვიყავი, თუმცა არავისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი. იმისათვის რომ ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ შევიტანე სარჩელი, სადაც მოვითხოვდი, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლიდან ამოეღოთ მარიხუანას მოხმარება. ეს არის და ეს.

-თქვენმა სარჩელმა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია. არის საშიშროება, რომ ლეგალიზაციის შემდეგ  ახალი თაობა მასიურად გახდება მასზე დამოკიდებული.  არსებობს სპეციალისტების საგანგაშო დასკვნებიც მისი მოხმარების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის (განსაკუთრებით ფსიქო-ემოციური) გაუარესების  შესახებ…

– პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ  ვეწინააღმდეგები მარიხუანას მოხმარების პროპაგანდას  და ყოველთვის ვიმეორებ ერთი კაცის სიტყვებს: „ჭეშმარიტი „კაიფი“ სიფხიზლეა“. რაც შეეხება ჩემს სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს ყოველივე საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების შესაბამისია. საგანგაშოდ კი ის უფრო მიმაჩნია, რომ აქამდე არსებული კანონით, მარიხუანას ორჯერ მოხმარების გამო, შეიძლებოდა 18 წლის მოზარდი დაეპატიმრებინათ.

დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციას არ ნიშნავს.  მარიხუანას მომხმარებელი ციხეში აღარ წავა. ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული რა აკრძალვები დარჩება, და რა იქნება  დასაშვები. მარიხუანას გავრცელება როგორც მოზარდებზე, ასევე მოზრდილებზე ისევ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.

მარიხუანას მოხმარება ჩემი მხრიდან ალბათ უფრო პროტესტით იყო განპირობებული უსამართლობის მიმართ. თაობების დამოკიდებულებას რაც შეეხება გამოჩნდა, რომ მარიხუანას მომხმარებლის კრიმინალად გამოცხადებამ ვერ შეამცირა  მომხმარებელთა რაოდენობა. ალბათ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში დასჯა გამოსავალი არა არის.

-სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჯერ არაა მზად საქართველოს მოსახლეობა დეკრიმინალიზაციის კანონის მისაღებად, რომ მათი ინფორმირებაა საჭირო მარიხუანას უკუჩვენებების შესახებ.

-სპეციალისტები  ბევრ რამეს ფიქრობენ… სამწუხაროდ, პროფესიონალი ნარკოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების დეფიციტია ქვეყანაში. ამ მხრივაც დასახვეწია საქართველოს კანონმდებლობა და ზოგადად კონკრეტული მიმართულება.

პროფესიით ფსიქოლოგს, ალბათ კარგად გესმით იმ შედეგების საშიშროება, რომელსაც  ქართველი ერი მოიმკის  ცოტა ხანში ამ კანონის აღსრულების შემდეგ.

-ქართველმა ერმა მრავალ ქარტეხილს გაუძლო და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ არის ისეთი საფრთხე, როგორც მავანნი გვაშინებენ. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ მარიხუანას მოხმარებით ვინმე კარგ მიწაზე ყრის მარცვალს, მაგრამ რკინის ეკლებშიც (ციხეს ვგულიხმობ) არ უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე პარლამენტმა არ შეამსუბუქა ნარკოპოლიტიკა. პროფესიიდან გამომდინარე კი განვმეორდები და ვიტყვი, რომ დასჯა გამოსავალი არა არის.

-მძიმე სოციალურ ფონზე ქართველი ერის ძირითადი პრობლემა ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაა. როგორც ამბობენ, მარიხუანას მოხმარება სხვა უარყოფით ჩვენებებთან ერთად უშვილობასაც იწვევს… 

– რა თქმა უნდა ზემოქმედების ან ორგანიზმში მარიხუანას არსებობისას არაა მიზანშეწონილი განაყოფიერება.  ვისაც ვიცნობ ყველას ჯანმრთელი შვილები ჰყავთ. პირადად მე დასაოჯახებელი ვარ არა მარიხუანას მოხმარების გამო, არამედ იმიტომ რომ ნასამართლევი ვარ, შესაბამისად მუდმივი სამსახური არ მაქვს და ზოგადად ბევრი პრობლემა შემიქმნა აღნიშნულმა არასწორმა კანონმა. მე და ჩემი გულისწორი ახლო მომავალში ვაპირებთ დაოჯახებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილებს ნაკლები პრობლემები ექნებათ ამ კუთხით.  ექნებათ შესაბამისი ინფორმაცია და არჩევანის თავისუფლება.

-უკვე დაიწყო საუბარი უფრო ძლიერმოქმედი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონის მიღებაზეც. თუ ამასაც აენთო მწვანე შუქი ხელისუფლების მხრიდან, არ დაიღუპება ქვეყანა?

-საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, მოპასუხე მხარემ (პარლამენტის წარმომადგენელმა) ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის (ეგრედწოდებული ლომკის) მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. მძიმე ნარკოტიკებს კი განსხვავებული აბსტიტენცია ახასიათებთ, ამიტომ ამაზე საკონტიტუციო სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს მომავლის საქმეა.

 -რას ურჩევ მომავალ თაობას, მათ მშობლებს, რომ არ გახდნენ მათი შვილები რომელიმე ნარკოტიკის მომხმარებელი?

-მომავალ თაობას ვურჩევ რომ იყვნენ ჯანმრთელნი, არ განიკითხონ ისინი, ვინც თავიანთი არჩევანი გააკეთეს. იცოდნენ რომ ყველა ჩვეულებრივი ადამიანია. მე მეტს არაფერს ვიტყვი.ისედაც  ვიცით, რომ ძმის თვალში  ბეწვის ძებნას სანამ დავიწყებთ, ჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ხომ არ გვაქვს დირესაგან აღქმა დახშული?! მშობლებს კი დიალოგი უნდა შეეძლოთ შვილებთან. გაითვალისწინონ მათი შეხედულებები. შეუქმნან ისეთი პირობები (არამატელიარულზე მაქვს საუბარი), რომ შვილებმა არ დაიწყონ ალტერნატიული „სახლის“ ძებნა მოზარდობისას.

-როგორც ამბობენ, მარიხუანას მომხმარებელი დროთა განმავლობაში უფრო ძლიერ ნარკოტიკზე დამოკიდებული ხდება, შენ შემთხვევაში როგორი მდგომარეობაა?

– ეს ვარაუდიც არ მართლდება ჩემს შემთხვევაში. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეგრედ წოდებული მძიმე ნარკოტიკი გასინჯულიც კი არ მაქვს. ვიცნობ ასეთივე ქცევის ბევრ ადამიანს. ასევე ბევრს ვიცნობ ვინც სვამს, ეწევა, და ა.შ.  ალკოჰოლი უფრო ხშირად მაქვს მოხმარებული ვიდრე მარიხუანა, მაგრამ ლოთს და ალკოჰოლიკს არავინ მეძახის იმიტომ, რომ არ ვარ. შესაბამისად არავის აქვს უფლება ნარკომანი ან ნარკოდამოკიდებული მიწოდოს, რადგან არასწორი იქნება.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ პირადად მე და ზოგადად – მარიხუანას მომხმარებლებს უფრო დიდი პრობლემა შეგვიქმნა არსებულმა კანონმა, ვიდრე მისმა მოხმარებაბ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო ნათქვამია და უფრო გვიან გაჰუმანურდებოდა კანონი, რომ არა ჩემი და იაგო ხვიჩიას აქტიურობა, ვინც ადვოკატირება გამიწია საკონსტიტუციო სასამართლოში.

თქვენს სააგენტოს და მთელ საქართველოს გილოცავთ დამდეგ 2018 წელს და გისურვებთ ბედნიერებას!