უხუცესების მიმართვა პანკისიდან და საპროტესტო აქცია პოლიციასთან

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს შეკრებაზე უხუცესებმა სპეციალური მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს, რომელსაც ხელისუფლებას გაუგზავნიან. განცხადებაში ნათქვამია:

ტექსტის თანახმად, ისინი წინააღმდეგნი არ არიან, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა ხეობაში წესრიგის დაცვის მინზით სპეცოპერაცია ჩაატარონ და უსაფრთხოება დაიცვან, მაგრამ მათთვის მიუღებელია სპეცოპერაციის იმ ფორმით ჩატარება, რომელიც ადამიანის ღირსებას ლახავს და შეურაცხყოფას აყენებს.

ისინი უარყოფითად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ სპეცოპერაციის დროს ქალები და ბავშვები შეშინდნენ. მათი მოთხოვნაა, დროულად გამოიძიოს პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტი.

“ჩვენ, პანკისის ხეობის მცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით უკანასკნელ პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, რაც დაკავშირებულია ქართული ძალოვანბის მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან. შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების პრეროგატივა საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ამ თვალსაზრისით გატარებული ღონისძიენების წინააღმდეგი არავინ არის.

მაგრამ ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებისა და მეთოდებით, რომელთა გამოყენების შედეგად, ერთი ახალგაზრდა თემირლან მაჩალიკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის , რომ უდანაშაულო ადამიანები არ მოხვდნენ განსასჯელის სკამზე. იმედს გამოვთვქვამთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს პანკისის ხეობის საზოგადოების აზრს და სწორ მიმართულება მიეცემა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას”

ამ წუთებში კი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის პოლიციის შენობასთან ადგილობრივი მცხოვრებლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგებს და თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრას აპროტესტებენ.