“რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე დამიგროვდა – ერთი ამოსუნთქვით დაწერილი…”

ერთად შევაფასოთ მიმავალი წელი!

ამირან სალუქვაძე

დაახლოებით 15 თემა მაქვს მონიშნული, მ.შ. ნარკოპოლიტიკის საკითხი, მანდატურების თემა და ა.შ.

ახლა დაემატა პატრიარქის შემგინებელი პოეტი, რომელიც წამებულად აქციეს, რადგან პოლიტიკურადაა მომგებიანი.
ქუჩური ქცევები არ მოგწონთ, როცა მომგებიანია თქვენთვის, პატრულთან ქაჩავს ამართლებთ?

ერთი წამით არ იფოქროთ, პოლიციას ვაფარებდე ხელს. აქვე ცალსახად და გასაგებად ვწერ: 1. პოლიციის ქმედება ცალკე თემაა და გამოძიებული უნდა იქნას. 2. სამკერდე კამერის უმუშევრობის გამო უნდა დაწესდეს სასჯელი. 3. რეიდების დროს, თუ მსგავსი სკანდალი მოხდა თუნდაც მოქალაქის ბრალეულობით, ისე უნდა იმოქმედოს პოლიციამ, რომ კითხვები არ დარჩეს. კითხვები კი დამრჩა. ხომაა გასაგები ჩემი პოზიცია?

ადრე იგივე ხალხი ამბობდა პოლიციელს მხარდაჭერა უნდაო, თუ დაშინებული იქნება, წესრიგს ვერ დაამყარებსო.

პოლიციის მიმართ დავსვი კითხვები. ახლა მეორე მხარეს დავუსვათ: დავუშვათ და სცემა პოლიციამ, რატომ არ გააკეთა კომენტარი თავის ქმედებებზე? რატომ არ ყვებიან დეტალურად რა მოხდა, სად გააჩერეს, როგორ მიმართეს მას, მან რა უპასუხა და ა.შ. ანუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

თავიდან როცა გავრცელდა ინფორმაცია, მაგრად გავბრაზდი და დავწერე, რომ რეიდები მოქალაქეებისთვის კომფორტულად უნდა ჩატარდეს-მეთქი, მაგრამ შემდეგ ისეთი მიზანმიმართული კამპანია ატყდა, რომ განწყობა შემეცვალა.

განსაკუთრებით გამაღიზიანა პატრიარქის შეგინებამ და ფორმამ, როგორც ითქვა: პოლიციელებს (ან საზოგადოებას) შეუგინა პატრიარქი.

აბა გაბედოს და აქაური რელიგიური სექტები შეაგინოს ვინმემ.

მეწყინა ერთ-ერთი ჟურნალისტისგან, რომელმაც თოქ-შოუში თქვა, რომ ვერ გავიგონე რა თქვა პატრიარქზეო, ახსენა, მაგრამ რა კონტექსტში ვერ გავიგეო. გამოდის, რომ მიიყვანეს ამ მდგომარეობამდეო.

საინტერესოა. მთელმა საქართველომ გაიგო და თქვენ ვერა? და თუ გინება ვერ გაიგეთ, მაშინ რატომ ამბობთ ამ მდგომარეობამდე მიიყვანესო? იქნება სთქვა “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი”-ო?

არ შეიძლება ასე. ამას იაფფასიანი პოპულიზმი ჰქვია, როცა ერიდებით გარკვეული ჯგუფების გაღიზიანებას და მათ გულის საამებლად საუბრობთ.

საერთოდ ამ თემაზე არც დავწერდი. დიდი პატივია ამდენი ყურადღება პოეტის მიმართ, რომელიც მთვრალი თუ ფხიზელი ენას ვერ თოკავს და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეკლესიის წინამძღვარს უგინებს.

მაგრამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საზოგადო მოღვაწეების მხრიდან ბოიკოტის ისეთი აღლუმი დაიწყო, რომ ამ ახალი წლის წინა ღამეს გადასწონა სასწორი.

ისე უცხადებთ ბოიკოტს, თითქოს ყოველ დღე მოამბეში იყავით და გული დაწყდებათ რესპოდენტების დაკარგვისთვის. თქვენს ობიექტურობას დავიჯერებდი ერთხელ მაინც გაგეპროტესტებინათ რომელიმე ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა ან სტანდარტები ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში.

თუ დაგმობთ პატრიარქის შეგინებას, თუ იტყვით, რომ არ არსებობს მიზეზი, კონტექსტი და წინა პირობა იმისა, რომ პატრიარქს შეაგინო, რომ სიმთვრალე არ ამრთლებს საზოგადოების შეურაცხყოფას და მოსთხოვთ ბოდიშის მოხდას, იქნებ მეც შემოგიერთდეთ ბოიკოტში. თუმცა, თქვენი არ იყოს, არც მე ვარ პირველი არხის ვარსკვლავი და ბოიკოტის გამოცხადება თავის გამოჩენის სურვილში უფრო ჩამეთვლება.

რა გითხრათ მეტი ამ თემაზე არ ვიცი. კარგად დაწერა ერთმა ჟურნალისტმა და მეგობარმა, თამასაა დაწეული.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ კიდევ ორ თემას.

ნარკოპოლიტიკის გამოცდილება იქნებ ევროპის წამყვან ქვეყნებში შეგვესწავლა?! წაიღეთ უკვე ტვინი, გვატერორებთ და თავზე გვახვევთ თქვენი ცხოვრების წესებს.

დიახ, ვემხრობი იმას, რომ ნარკოდამოკიდებული არ ჩასვათ ციხეში, ოღონდ:
1. გავითავისოთ, რომ უამრავი ნარკოდამოკიდებული ნარკოტიკების მოპოვების მიზნით სჩადის დანაშაულს
2. საზოგადოებამ უნდა იზრუნოს მოსახლეობის გაჯანსაღებაზე, ანუ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობაზე და მოხმარების პროფილაქტიკაზე. 3. ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობა უნდა მოხდეს მათივე დაფინანსებით. ნარკოტიკებისთვის ხომ შოულობენ ფულს? თუ სახელმწიფოს ხარჯზე სურთ, მაშინ ნუ გვახვევენ თავზე მათი ცხოვრების წესს, ნუ გვატენიან მარიხუანას და სხვა საშუალებებს, ნუ გვთვლიან ვალდებულად მათი მკურნალობის საფასური გადავიხადოთ. ან აღიარონ, რომ ავად არიან და საჭიროებენ საზოგადოების დახმარებას.

ვინმე ათვითცნობიერებს საითკენ მივდივართ?

თოქ-შოუებში ვიღაც ცრუ ავტორიტეტები გვესაუბრებიან, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებულნი ვიფიქროთ ერთი გადაშენდება თუ გამრავლდებაო. სხეული ჩვენია და გვინდა ნარკოტიკს შევუშვებთ და რასაც გვინდა იმას ვუზამთო. თან ნარკოტიკით თრობას და ღვინით თრობას ადარებენ ერთმანეთს. ტრადიციებს თავი რომ დავანებოთ, ვაზის მადლით ვართ დღემდე, ღვინით მთვრალი და მძიმე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი შეგიდარებიათ?

თუ თქვენია სხეული და რასაც გინდათ იმას უზამთ, ჩვენგან ნუღარ ითხოვთ მკურნალობის ანაზღაურებას.

ზოგიერთ დეპუტატს შევატყვე პოპულიზმი და იაფი ავტორიტეტის მოხვეჭის მცდელობა. ნუ შესცდებით, არ ბნელა.

ვიმეორებ, თუ არ იპარავს და ყაჩაღობს ნარკოტიკების საყიდელი ფულის საშოვნელად, თუ ნარკოტიკული თრობისას არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, არ ძალადობს ოჯახში, არ ჯდება საჭესთან, ციხეში არ უნდა ჩავსვათ. მაგრამ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას ნუ ვაქცევთ ნარკომოხმარების პროპაგანდად.

და ბოლოს, მანდატურების და ბავშვთა ძალადობის საკითხი.

ბავშვების საშინელი ტრაგედიაც პოლიტიკის და ერთმანეთთან ბრძოლის თემად ვაქციეთ, ან ძალიან არ უნდა გვესმოდეს პრობლემის არსი.

ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ატყდა ორი მიმართულებით: პირველი – მანდატურის ინსტიტუტის შესუსტება, მეორე – სასტიკი მკვლელობების მატება.

განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც (ეს ოპოზიციის საპასუხოდ) და ხდება ახლაც.

როცა ასეთი თემები პოლიტიკური დაპირისპირებებისთვის გამოიყენება, ეს მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს.

გუგლის საძიებო ფანჯარაში შეგიძლიათ შეიყვანოთ ფრაზა “საზარელი მკვლელობა”, “განზრახ მკვლელობა” და ა.შ. გვერდით მიუთითოთ წელი, მაგალითად 2016. შემდეგ ცვალოთ წლები, 2015, 2014 და ა.შ. 2000-მდე. იმის იქეთ ინტერნეტით არა მგონია მოიძებნოს. დახარჯავთ 20-30 წუთს და დარწმუნდებით, რომ საზარელი მკვლელობები, მ.შ. არასრულწლოვნების, ოჯახში ძალადობის ფაქტები ადრეც საკმარისად იყო და ამ წლებშიც გრძელდება.

აი რამდენიმე მაგალითი, ამონარიდები პრესიდან:

07.07.2010. 17 წლის ნიკა ხურციძე ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლის საქვაბის ტერიტორიაზე მისმა თანატოლებმა განზრახ მოკლეს.

2010 წლის 15 მაისს, ღამით, გორის რაიონის სოფელ კარალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ანზორ მელქუაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, გულ-მკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ტაქსის მძღოლს.

1974 წ.დ. გიორგი თორაძე, რომელმაც 2010 წლის 23 სექტემბერს ქ.თბილისში აღმაშენებლის გამზირის N83, ბინა 19-ში ბასრი საგნის გამოყებით გულმკერდისა და ზურგის არეში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მის ნათესავს, 1974 წ.დ. თ. ჯ.-ს და მასთან სტუმრად მყოფ 19 წლის ი. თ.-ს.

2010 წელწ 22 წლის ბორჯომელი ბიჭის რევაზ არუცევის შემზარავი მკვლელობა მოხდა. მას 12 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

2010 წლის 15 დეკემბერს, მამაკაცმა მამა-შვილი თეოდორ და ირაკლი ხურციძეები ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში ჩაცხრილა. დაიჭრა ხურციძეების რძალი ქეთი აშუბა და 10 თვის გიორგი ხურციძე.

2016 წლის აპრილში შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

მსგავსი ფაქტები უამრავია.

2007 წელს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი აქვეყნებს სტატიას სათაურით “დამძიმდა თუ არა საქართველოში კრიმინალური ფონი”.

საქმე იმაშია, რომ ოფიციალური სტატისტიკით მკვლელობათა ყველაზე მეთი შემთხვევა (249) სწორედ 2007 წელზე მოდის.

შემდეგ კლება დაიწყო და 2011 წლისთვის 90-მდე ჩამოვიდა. 2012-13 წლებში ისევ მატება დაიწყო. 2014 წელს 20 ერთეულით მოიმატა 2011-თან შედარებით.

ვფიქრობ ეს მაგალითები საკმარისია. ვისაც გაინტერესებთ, ფოტოებზე იხილეთ სხვადასხვა წლების სტატისტიკა.

ქვემოთ მოცემულია 2003-2011 წლებში დანაშაულთა საერთო რიცხოვნობა წლების მიხედვით.

2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011
რეგისტრირებული დანაშაული: 17397 24856 43266 62283 54746 44644 35949 34739 32263
მათ შორის:
მძიმე დანაშაული 10326 17833 24320 29249 13158 13028 11093 9987 9017
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული 617 557 755 997 674 759 595 543 333.

აქ ჩანს, რომ დანაშაულთა რიცხვი მერყეობს 9 ათასიდან 62 ათასამდე, რაც მეთოდიკასთან დაკავშირებით კითხვებს ტოვებს, თუმცა ეს არაა მთავარი.

ფაქტია, რომ სხვადასხვა წლებში ყოველდღიურად ხდებოდა 25-დან 170 კანონდარღვევამდე.

ასევე ვხედავთ, რომ ბავშვთა შორის კრიმინალის ასევე ცუდი სტატისტიკაა, საშუალოდ 1-3 სამი კანონდარღვევა ყოველდღიურად.

იგივე ციფრებია ამ. წლებშიც. ატვირთულ ფოტოებზე იხილავთ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ, ასევე სხვა სტატისტიკურ მასალებს.

ამ ციფრებში მთავარი ის კი არ უნდა ვეძებოთ, რომელი ხელისუფლების დროს იყო მეტი, არამედ ის, რომ დიდად არაფერი იცვლება და თემის გაპოლიტიზირება, პოლიტიკური ქულების დაწერა, არაკეთილსინდისიერებაა.

დავუბრუნდეთ ხოორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას. ჯერ ერთი, როგორც ბევრჯერ დავწერე, პრობლემები გვახსოვს იმდენი დღე, რამდენი დღეც ნარჩუნდება დუღილის მაღალი ტემპერატურა. გადაფარა სხვა თემებმა. ახლა გადავყვებით დღესასწაულებს და სანამ რაიმე არ მოხდება, ისევ მივიწყებული იქნება.

უამრავი გადაცემა მიეძღვნა მედიაში, მაგრამ აბა დააკვირდით ვის ვიწვევთ თემების განსახილველად?

იგივე კითხვა ნარკოპოლიტიკის თემაზეც მინდა დავსვა. ვიწვევთ ყველას, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც თემის არსი სიღრმისეულად ესმით. წამყვანები არიან მარიხუანას მთავარი აგიტატორები. სხვათაშორის გამიკვირდა ოქროს ფრთის გადაცემის ცერემონიალზე რომ ვიხილე ლოჟაში. ეტყობა ოქროს ფრთა და მარიხუანას ღეროები ვიღაცას აერია.

ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ თუ ბავშვებს, განათლებას, სპორტს, კულტურას არ მივხედეთ, თუ ძალადობის და ზიზღის პროპაგანდა სიმშვიდით არ შევცვალეთ, არაფერი შეიცვლება.

ამას წინათ საინფორმაციოს ვუცქეროდი. 38 წუთი გადიოდა რატიანის, პანკისის და სხვა ნეგატიური სიუჟეტები. 38-ე წუთზე აჩვენეს ლტოლვილთათვის გორში 7 თუ 8 ახალი საცხოვრებელი კორპუსის გადაცემა.

არავის არაფერს ვასწავლი. ნახეთ სხვა ქვეყნების ტელევიზიები. კრიმინალური ქრონიკა ცალკე გადის, ისევე როგორც იყო ადრე ჩვენთან, გადაცემა “პატრული” ღამით, რომელიც იგივე ინფორმაციებს პატრულის კარგად წარმოჩენის კუთხით აშუქებდა.

მოკლედ, ატყდა ერთი ამბავი მანდატურების მანდატის გაძლიერებაზე. ჰოდა, გადახედეთ სტატისტიკას და მიხვდებით უშველის თუ არა.

ვერც ფსიქოლეგთა ინსტიტუტის ამოქმედება მოიტანს სწრაფ შედეგს. არ გვყავს ამდენი კვალიფიციური. ფსიქოლოგი. ვისაც ვუსმინე ამ დღეებში, აჯობებს არ მივუშვათ ბავშვებთან.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია საერთოდ სკოლის მიღმა მოხდა და მანდატურები ვერაფერს უშველიდნენ. მაგრამ ეს არაა მთავარი.

მთავარი ისაა, რომ სიღრმისეულად და ყოველმხრივად არ ვსწავლობთ პრობლემას. ბევრის საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საეღთოდ არ ესმით ბავშვების, მოზარდების ფსიქოლოგია.

ყველაზე ცუდად ის მომხვდა, რომ პრობლემის განხილვას იწყებდნენ არა იქედან, რომ თხუთმეტმა ერთის დაჩაგვრა დაიწყო, არამედ ნათესავთან განხორციელებული ზარიდან, რონ არ დაერეკა, არაფერი მოხდებიდაო.

არა, თხუთმეტს ერთის დაჩაგვრა რომ არ დაეწყო, არაფერი მოხდებოდა.

ქუჩის ინსტიტუტი გეშლებათ ქურდულ ინსტიტუტში. ქუჩას ვერ მოშლით. მეორე საკითხია რამდენხანს დაჰყოფს მოზარდი ქუჩაში და რას მიიღებს ქუჩიდან.

ანუ, ქუჩა უნდა შევცვალოთ.

იცით თუ არა, რომ დაჩაგვრა და დევნა, მობინგს და ბულინგს რომ ეძახით, არაა ე.წ. ქუჩის ინსტიტუტში მიღებული.

ქუჩა არის სამეზობლო, უბანი. ყველა გავიზარდე, ოჯახის და სკოლის გარდა, ქუჩაში. თქვენთვის თქვენზე უფროს თაობას, მამის ტოლებს არ ვგულისხმობ, არამედ უფროსებს, არ მოუციათ შენიშვნა ქცევის წესებზე?

არ ვიცი, ჩემს ქუჩაში, 14-15 წლის მოზარდისთვის 18-25 წლის ახალგაზრდას დანა რომ დაენახა, შენიშვნას მისცემდნენ, ჯურებსაც აახევდნენ, თუ ვერ გაიგებდნენ. არავინ დაუშვებდა, რომ რამდენიმეს ეცემა ერთი.

სკოლააში, სადაც რამდენიმე ასეული ბავშვია, 1-2 მანნდატური მოაგვარებს პრობლემებს? ადრე აგვარებდნენ? აბა ნახეთ სტატისტიკა?

ისე, კარგი იქნება ახლობელ მოსწავლეებს გაესაუბროთ. ბევრ სიახლეს გაიგებთ იმ დროინდელ მანდატურებზეც და დღევანდელზეც.

მე-12 კლასი რომელი წლიდან. შემოვიღეთ? იცით თუ არა, რომ შემოღების წლიდან დღემდე მე-12 კლასელები მასობრივად სკოლაში არ დადიან? სად დადიან? იგივე პრობლემებია მე-10, მე-11 კლასებში, წლებია, მაგრამ დამამთავრებელში საერთოდ არ დადიან, რადგან სკოლა ვერ ამზადებს უნივერსიტეტისთვის, შესაბამისად, ვისაც სწავლა სურს, რეპეტიტორებთან დადიქნ, ვისაც არა, დადიან უკონტროლოდ.

მოკლედ, ბავშვთა პრობლემებს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ: სკოლამდელი აღზრდა (რომლის სახელნძღვანელიდან ამოსაღებია ფრაზა ” აღმზღდელიაქტიურად წაახალისებს ბიჭუნების და გოგონების ერთად თამაშს), ოჯახი, სკოლა, ქუჩა, მედია გარემო, სპორტი, კულტურა და ა.შ.

მედია გარემოს რაც შეეხება, დაახლოებით 15 წელია ნამდვილი საინფორმაციო ტერორია ყველა სივრცეში: ტელევიზია, ინტერნეტი, სოციალური ქსელი. ამ თემაზე უკვე ვწერდი 9 თვის წინ ( https://m.facebook.com/story.php… ).

სკოლას რაც შეეხება, მასწავლებლების და დირექტორების პრესტიჟის, მათ შორის ანაზღაურების და მომზადების დონის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ. მანდატურების თავზე დასმა, დირექტორის და პედაგოგის ავტორიტეთის დაქვეითება, შედეგს ვერ გამოიღებს.

მანდატური უნდა ექვემდებარებიდეს დირექტორს. წინააღმდეგ შემთხვებაში იქნება დაკავებული ანგარიშების წერით. ამიტომ, სამინისტროების ზოგიერთ განცხადებას არ ვეთანხმები.

მნიშვნელოვანია დირექტორის და მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლება. მანდაური დირექტორის თავზე, ეს რაღა დირექტორია?

დირექტორებად არ შეიძლება მენეჯერებიშ დანიშვნა. დირექტორი უნდა იყოს გამოცდილი აღმზრდელი.

მნიშვნელოვანია კარგი ტონის დანერგვა, მავნე ინსტიტუტებთან და ტრადიციებთან სისტემური ბრძოლა და არა სტიქიური ხმაური.

უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ საკითხებს როცა ვიხილავთ, ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენი საზოგადოების გარემოს ვეხებით. თუ არ გვსურს დავამახინჯოთ, მაშინ უფრო გულრწფელები უნდა ვიყოთ.

აი ესაა, რაც დამიგროვდა ბოლო ერთი თვის მანძილზე. ქაოტურად გამოვიდა მგონი, მაგრამ ერთ ამოსუნთქვაზე ასე დაიწერა.