საქართველოს პარლამენტის სახელით რიგაში კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

საქართველოსა და ლატვიის მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით, რიგაში კონცერტი გაიმართა

„ჩვენ დაკავშირებულები ვართ საერთო ბრძოლით დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის. ღირებულებები მთავარი რამაა, რაც ქართველ და ლატვიელ ერს აერთიანებს და ჩვენს კავშირს კიდევ უფრო ამყარებს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რიგაში, საქართველოს პარლამენტის სახელით საქართველოსა და ლატვიის მეგობრობის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე განაცხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ორი ქვეყნის ისტორია და გამოწვევები მსგავსია. ირაკლი კობახიძემ ერთად დგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ერი ლატვიელი ხალხის მხარდაჭერას დიდად აფასებს.

„სიმბოლურია, რომ ჩვენი ვიზიტი დაემთხვა ლატვიისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავს. 1918 წელს ჩვენ მოვახერხეთ, აღგვედგინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მრავალი წლის განმავლობაში, გვიწევდა ბრძოლა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის. ესაა ის, რაც ჩვენს ხალხებს აკავშირებს.  დღეს ვეწვიეთ ოკუპაციის მუზეუმს რიგაში და ამან შეგვახსენა, თუ რამდენად ჰგავს ჩვენი ისტორია ერთმანეთს. ჩვენი გამოწვევებიც კვლავ მსგავსია და ეს კიდევ ერთი მოტივაციაა იმისთვის, რომ ერთად ვიდგეთ. ჩვენ ნამდვილად დიდად ვაფასებთ ლატვიისა და ლატვიელი ხალხის მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველო და ლატვია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღნიშნავენ, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ქართველ და ლატვიელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე გაამახვილა ყურადღება. „ქართველი ხალხის სახელით, შემიძლია, მკაფიოდ განვაცხადო, რომ განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება გვაქვს ლატვიელი ერისა და სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ ასევე ვგრძნობთ თბილ დამოკიდებულებას ჩვენი ლატვიელი მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან. ძალიან ამაყები ვართ მეგობრობით. ეს კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა ამ მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ეროვნული იდენტობით და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის კულტურული იდენტობა. ამაყნი ვართ ქართული კულტურით და მოხარულები ვართ, დღეს სიმბოლური საჩუქარი გავუკეთოთ ჩვენს ლატვიელ მეგობრებს“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ. ინარა მურნიეცეს თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში ორივე ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს ემთხვევა.

„მიმდინარე წელს  საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღვნიშნავთ. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა გრძელი გზა გამოიარეს და ფუნდამენტურად შეიცვალნენ. წარმატების გასაღები დაუღალავი მუშაობა და ამბიციური მიზნებია. დღეს საქართველო და ლატვია ევროპული ღირებულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ ახლო პარტნიორები ვართ და ჩვენი მიზანია კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით საერთაშორისო წესრიგის განმტკიცება. ლატვიას უყვარს საქართველო და მისი კულტურა. მადლიერნი ვართ ქართული ხელოვნებით დატკბობის შესაძლებლობით, რომელიც დღეს სიმბოლური საჩუქრის სახით, საქართველომ მოგვცა“,- განაცხადა სეიმის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის სახელით გამართულ კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლმა „სულიკომ“ შეასრულა. დამსწრეთა წინაშე, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლები წარდგნენ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“, რომელიც XIX და XX საუკუნეების ქართველ საზოგადო მოღვაწე ქალებს ეძღვნება.