20 მედალი – დაშავებული ქართველი სამხედროების გამარჯვება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აშშ-დან 20 მედლით დაბრუნდნენ.  გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე,  გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი  ზაზა ჩხაიძე, ასევე თანამებრძოლები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ქართველმა სამხედროებმა აშშ-ში 6 – ოქროს, 6 – ვერცხლის და 9 – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საზღვაო ქვეითთა თამაშები აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ გაიმართა და მასში მონაწილეობა 7 ქვეყნის 173-მა  დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

ქართველმა დაშავებულმა სამხედროებმა სპორტის 6 სახეობაში იასპარეზეს: 10 კმ. მანძილზე ხელის ველოსიპედით შეჯიბრი, ტრენაჟორით ნიჩბოსნობა, სირბილი, ცურვა, პნევმატური იარაღით სროლა და პარა-კალათბურთი.

საზღვაო ქვეითთა თამაშები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ 12 მარტს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების გენერალმა გლენ ვოლტერსმა მიმართა. შეჯიბრში აშშ-დან, ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ასპარეზობდნენ.