“უქნარა მოსაყდრის აპოლოგიას არ ვაპირებ, 15 წელი არაფრისმაქნისი იყო და ახლა შეწვდება ვარსკვლავებს?”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-ე.ი. კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ “ზოგჯერ მგონია არაფერი აღარ გვეშველებაო”, რასაც მოჰყვა პაპუა-ახალ გვინეისა და ავსტრალია-ოკეანეთის მიტროპოლიტ შიოს შეგონება – “ვისაც უნდა უმაღლესი წარმატება, უმაღლესი სულიერი მიღწევა, უნდა იყოს მონაო”!

მგონი მოსაყდრე გადარჩენისა და კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციურ კონცეფციას გვთავაზობს, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ლოზუნგით: “თუ გინდა იყო წარმატებული – გახდი მონა”!

მოკლედ, ჩვენი ეგზეგეტი მამანი და ღვთივგანბრძნობილი თუ სულიერი მწყემსები გვანებივრებენ “მანუგეშებელი, გამათავისუფლებელი და გამამხნევებელი” ქადაგებებით.

ჰოდა, ასეთი “მაღალთეოლოგიური” და “ჩანთოსანი” ჰომილიებით, ივერია აუცილებლად გაბრწყინდება!

უქნარა მოსაყდრის აპოლოგიას არ ვაპირებ, უკაცრავად. 15 წლიანი მღვდელმთავრობის მანძილზე არაფრისმაქნისი იყო და ახლა შეწვდება ვარსკვლავებს? ვინ არის საერთოდ, რას წარმოადგენს და რატომ უნდა ვენდო?

ნეტავ ვიქტორიის დიდი უდაბნო, ანუ საკუთარი ეპარქიის (სამწყსოს) კანონიკური ტერიტორია ნანახი აქვს მოსაყდრეს?

სამწუხაროდ, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა უმრავლესობა არის ყალბი, ფარისეველი, კარიერისტი და კონფორმისტი, ხოლო მათგან ვინც რაიმე “განსაკუთრებულ” ღვაწლს იჩენს – ხიბლში მყოფი და არაადეკვატურად ამბიცური. ქრისტეს პიროვნებაზე აპელირებენ და ერთი ადამიანის სიმართლით დაცვაც კი არ შეუძლიათ. მათი პატრიარქი შორენაა, მათი ტაძარი – საპატრიარქოს სამდივნოს აპარტამენტი, მათი მრევლის დიდი ნაწილი – სნოს ჭალებში დაწერილ მითებს, ლეგენდებსა და თქმულებებს აყოლილი გულუბრყვილო საზოგადოება, მათი მიზანი – დიდებისმოყვარეობა, მათი ინტელექტის დონე – კატეხიზმოს საფუძვლები, მათი ქადაგება – მათივე ცხოვრების წესის საწინააღმდეგო, მათი რიტორიკა – არააკადემიური და ისტეროიდული, მათი ერთგულება – მამლის ყივილამდე სამგის უარმყოფელი.

საუბედუროდ, ტენდენცია მეტად მძიმეა და შემაძრწუნებელი. მღვდელმთავართა უმრავლესობაც ქრისტოცენტრული პრიორიტეტების ნაცვლად, დღის წესრიგში მხოლოდ ორ საკითხს აყენებს: 1) ქონებრივი გადანაწილება; 2) გავლენის სფეროების გაძლიერება.

თანამედროვე სადუკეველთათვის, მრევლი – ხელისუფლებასთან ვაჭრობის საგანია, რომლის მეშვეობითაც ფეშენებელური ავტომობილების, ფინანსური სუბსიდიებისა და იმუნიტეტის გარანტირება ხდება.

სამაგიეროდ სასულიერო დასში უხვად ბოგინობენ: პედოფილები, ჰომოსექსუალები, მრუშები, ნარკომანები, მემთვრალეები, ბიზნესმენები, ხეპრეები, ფულისტები და პოლიტიკანები (რუსოფილები, ამერიკანოფილები, მიშისტები). ამ ფონზე უბედური და განადგურებულია ის მცირე ნაწილი ვინც წესიერია სამღვდელოებაში.

სახელდობრ დღევანდელი საპატრიარქოა სწორედ ეკლესიოლოგიური წესრიგისა და სარწმუნოებრივი სიწმინდის სფეროში დისონანსის შემომტანი.

ჭეშმარიტების, სიყვარულისა და თავისუფლების იდეის მაგივრად წარმართობა, მზაკვრობა და მონობა პარპაშებს!

სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიედ ეს სისტემა და რეჟიმი შექმნა სწორედ ილია II-მ, რომლის სადღეგრძელოსაც სუფრაზე ლამის იყო და ღმერთზე წინ ამბობდნენ, თუმცა ტაბუ მოხსნილია უკვე! უპასუხისმგებლობა და უტიფრობაა ობიექტური რეალობის ვერ დანახვა. დიახ, თევზი თავიდან ყარს! საღვთო პატიოსნება გვაიძულებს, რომ გულწრფელნი ვიყოთ, დავეხსნათ კომფორტულ ტყუილსა და განსჯის უნარი არ მივაძინოთ ჩვენს სინდისში. მე თავს ვერ მოვიტყუებ, მაპატიეთ ემოციური გულახდილობისათვის.