“დროებითია ყველა თანამდებობა, ქალბატონო ირმა და ისე ნუ მოიქცევით, ხვალ მუხლზე დგომამაც არ გიშველოთ!”,

დღეს ბორჯომის საკრებულოში დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ. მისი თქმით,  იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა. ჩაჩანიძე ამბობს, ინაშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც საკრებულოს უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ ფრაქციები არ დაურეგისტრირა და მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ბორჯომში შექმნილი მდგომარეობის გამო ირმა ინაშვილს “ქართული ოცნების” 2012 წლის პირველი აქტივისტი, მომღერალი დათო ბერაძე საჯაროდ მიმართავს:

-საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერს.
პარტია ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ქ / ნ ირმა ინაშვილს:

ქალბატონო ირმა, არაჩვეულებრივად მოგეხსენებათ – როგორც ჩემი, ასევე ზოგადად ბორჯომის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა და სიმპატია თქვენს მიმართ. ამასთან ისიც კარგად მოგეხსენებათ, თუ რაოდენ რთული აღმოჩნდა ამ შედეგის მიღწევა, მითუფრო ოპოზიციური ძალის მხრიდან, რომელიც ამავედროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში მოექცა და აქვე ეს ფაქტიც უპრეცედენტო მოვლენად იქცა ქვეყნის მასშტაბით…

თქვენ როგორ ფიქრობთ? შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ ბატონი ზაზა ჩაჩანიძის უდიდესი როლი ამ გამარჯვებაში? რანაირად შეიძლება დავახასიათოთ იგი, თუ არა – წესიერი, ერუდირებული, ინტელექტუალური, გაწონასწორებული, ჭეშმარიტი აღმსარებელი და რაც მთავარია უანგარო პატრიოტი საკუთარი ქვეყნისა და ხალხისა. უიშვიათესი ადამიანი, რომელიც შემკულია ყველა უფლისმიერი სიკეთით და ადამიანი, რომელსაც მთელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი უდიდეს პატივს სცემს. ხომ არ გეჩვენებათ, რომ სწორედ ამან განაპირობა, – სწორედ ეს იყო გარდამტეხი და ზუსტად მისი დამსახურება ეს შედეგი და არა თქვენი და თქვენი პარტიისა? თუ შემედავებით, მაშინ შედარებისათვის გადახედეთ სხვა საარჩევნო ოლქებში თქვენს მიერ მიღწეულ 3 დან 5 % მდე შედეგებს. (და ზოგან არც მაგდენს) ის თუ იცით რამდენი დაცინვა, დამცირება და შეურაცხყოფა აგვიტანია მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან იმ პერიოდში? დიახ, აი სწორედ იმ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა მოთხოვნის (ბიუჯეტიდან ხელფასების გაორმაგება) დაუკმაყოფილებლობის გამო დღეს მათ შეეკარით და სწორედ ეს ადამიანი გაწირეთ. ბატონი ზაზა ბოლომდე უტეხად იდგა საკუთარ პრინციპზე და ასეთივე მიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. იგი ჩემი და დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოს თვალში ასმაგად ამაღლდა, თქვენ კი ნულამდე დაიყვანეთ და აღარაფერი დაიტოვეთ იმ რეიტინგიდანაც რაც გაგაჩნდათ.

P.S. დროებითია ყველა თანამდებობა ქალბატონო ირმა და ისე ნუ მოიქცევით, რომ ხვალ ასეთ მამულიშვილებთან მუხლებზე მდგარსაც კი გაგიჭირდეთ მისვლა.