კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია მოხდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა დასრულდეს მუშაობა პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია მოხდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კომიტეტების ხელმძღვანელებმა, ერთი კვირის ვადაში, იმ კანონპროექტთა ნუსხა  უნდა წარმოადგინონ, რომლებიც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით უნდა გადაისინჯოს.

„რამდენიმე კანონი არის შესაბამისობაში მოსაყვანი საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს. ეს მოხდება, სავარაუდოდ, ამა წლის ნოემბერში. შესაბამისად,  ვადებში საკმაოდ შეზღუდული ვართ. პრაქტიკულად, ივნისის ბოლომდე უნდა დავასრულოთ მუშაობა პაკეტზე, რომლითაც მოხდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საქართველოს კონსტიტუციასთან. გარკვეული წინასწარი სამუშაო, ბუნებრივია, ჩატარებული გვაქვს, ანუ, გარკვეული წინასწარი სია არსებობს იმ კანონპროექტების, რომლებიც უნდა გადაისინჯოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, თუმცა,  დღეს მინდა, ვთხოვო კომიტეტების ხელმძღვანელებს, თავიანთი პროფილიდან გამომდინარე, მოამზადონ ნუსხა ასეთი კანონპროექტების და ამ სიას დაურთონ მოკლე ანოტაციები,  სადაც განიმარტება ძირითადი არსი იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს შესაბამის კანონებში. ალბათ, ერთკვირიანი ვადა არის ამისთვის საკმარისი და გთხოვდით, რომ არაუგვიანეს 13 აპრილისა, წარმოადგინოთ შესაბამისი კანონპროექტები ანოტაციებით“,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, კომისიის მომდევნო სხდომა აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც კომიტეტების მიერ წარმოდგენილი ნუსხა განიხილება და კანონპროექტთა მომზადებაზე პასუხისმგებელი სუბიექტები განისაზღვრება.

„ამ ნუსხას განვიხილავთ აპრილის მეორე ნახევარში და ამის შემდეგ უნდა ვისაუბროთ უკვე იმაზე, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი სუბიექტები ამა თუ იმ კანონპროექტის მომზადებაზე. ბუნებრივია, ამ კომისიის მიზანი არ არის ის, რომ ჩვენ განვიხილოთ კანონპროექტები. ამ კომისიას მხოლოდ საორგანიზაციო დატვირთვა აქვს. ჩვენ უნდა შევადგინოთ გეგმა და შემდეგ თვალყური მივადევნოთ ამ გეგმის მიხედვით კანონპროექტების მომზადებას. ძირითადი ტვირთი არის კომიტეტებზე, რომლებიც თავიანთი პროფილის მიხედვით მოამზადებენ შესაბამის კანონპროექტებს და უზრუნველყოფენ ამ კანონპროექტების განხილვას საპარლამენტო ფორმატში“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე ათეულ კანონპროექტზე და მათ შორის არის   ათამდე კანონპროექტი, რომლებიც ფუნდამენტურად, არსებითად უნდა გადაიხედოს.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის რიგი კანონპროექტებისა, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის საკითხები, რომლებზეც მუშაობისას, შესაძლოა საკომისიო ფორმატის გამოყენება გახდეს საჭირო.