ყაზბეგში ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა

ყაზბეგში, მყინვარწვერზე უბედური შემთხვევა მოხდა. ერთი ბელგიელი ალპინისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ბელგიის მოქალაქეს დაშვების დროს, სავარაუდოდ თოკი გაუწყდა და ჩავარდა.

შემთხვევის დროს დაშავებულ ალპინისტს, რომელიც ასევე ბელგიის მოქალაქეა, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, გარდაცვლილის გადმოსვენება უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის გამო კონკრეტულ ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს. მყინვარწვერთან არიან სამთო მაშველებიც.