ანა სუბელიანი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკოთხვაზე მივიდა:

“დაბარებული ვარ გამოკითხვაზე გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ჩემს მიმართ განხორციელებული მუქარების გარშემო. ეს მუქარები გაკეთებულია ღიად, სხვადასხვა გვერდებსა და ჯგუფებში. არის ასევე ძალადობისკენ მოწოდება.

გამოძიება დაიწყო მაშინვე, როგორც კი მე ამის შესახებ განვაცხადე. მუქარები არის სხვადასხვა შინაარსის, არის საკმაოდ მძიმე, შეიცავს წამებისკენ მოწოდებას, სიკვდილით დაშინებას და ა.შ. ეს მეხება არამხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვანს. ამდენად რა თქმა უნდა მოვითხოვ და მაქვს სამართალდამცველების იმედი, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაბამის დანაშაულში იქნება მხილებული”, – განაცხადა ანა სუბელოანმა.

ის გამოკითხვაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტთან ერთად მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანა სუბელიანის მიმართ მუქარის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე ზოგადად კონტრაქციისას გამოთქმული მუქარის განცხადებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

12-13 მაისს თბილისში, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ორგანიზებით, მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დააკავა 8 ნარკორეალიზატორი.

პარლამენტის წინ გამართული აქციისა და კონტრაქციის გაშუქებისას, პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე დაფიქსირდა კონტრაქციის წევრების მხრიდან უცენზურო გამონათქვამები და მუქარის შემცველი შეძახილები.

მუქარის შემცველი ტექსტები გავრცელდა სოციალურ ქსელში ანა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ.