ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს 25 მაისს ეწვევა

25 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ეწვევა. დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ნატო-ს სამიტი იქნება. დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის ისტორიულ კავშირებზე, ლიტველი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე, ევროკავშირთან ურთიერთობებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება საუბარი.

ლიტვის პრეზიდენტი 26 მაისს ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.