“მოფიქრებული და დაგეგმილი PR აქცია, რომლის საბოლოო მიზანი კვირის ბოლოს გაცხადდა…”

ელზა ჯმუხაძე

მემარცხენე ალიანსის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი

-წუხანდელი ,,კვირის აქცენტების,, გაანალიზებით შესაძლებელია დავასკვნათ: გასულ კვირას ჭიქაში ამოვარდნილი ქარიშხალივით მოვლენილი და ნახატთან ( ,,თვითმკვლელი ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით,, ) დაკავშირებული თემა, ასევე – ამ თემაზე მიბმული განგაში მოსალოდნელ ცენზურასთან დაკავშირებით და, რაც მთავარი იყო, ამ თემის გახსნა გიორგი გაბუნიას მორიგი ხუმრობით რელიგიურ თემაზე – იყო მოფიქრებული და დაგეგმილი PR აქცია, რომლის საბოლოო მიზანი კვირის ბოლოს გაცხადდა: სააკაშვილს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, საჯაროდ ეთქვა, რომ ის, როგორც მორწმუნე გარემოში აღზრდილი ადამიანი, გაბრაზდა გიორგი გაბუნიას ხუმრობაზე!

ჰოლანდიიდან სააკაშვილმა, ასევე ,,დაგვიმესიჯა,, რომ მსოფლიო ლიბერალური საზოგადოებრივი აზრისთვისაც კი მიუღებელი და უცხოა ღვისმშობლის მიმართ ასე ,,გაშინაურება,,… შემთხვევითი არ უნდა იყოს არც ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში ,,disconect,, ი მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც სააკაშვილს გვარამიამ სრულიად ლოგიკურად შეახსენა ,,ფერიას მთა,, და გლდანის ეკლესიის რბევა.

აქვე ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ეკლესია არის ეკლესია იმისდა მიუხედავად, რა ,,გაგების,, მღვდელი სწირავს იქ, ხოლო რბევა არის რბევა, ვისაც არ უნდა არბევდე! მოკლედ – პირდაპირ ეთერში სააკაშვილის სტუდიასთან კავშირი სწორედ იმდენ ხანში აღდგა, რა დროშიც წამყვანმა რესპოდენტის მიერ უკვე დეკლარირებული თემებიდან მთავარი გზავნილები ამოარჩია.

სააკაშვილმა ახალი შინაარსის შეკითხვის მიუხედავად, ჯერ დაწყებული საეკლესიო თემატიკის დასრულება მოისურვა და თქვა, რომ ეკლესიის წიაღში ბევრი ნათელი სახეა, მაგრამ სააკაშვილს არ აუხსნია, რატომ არ არის გლდანის ეკლესია ეკლესია და მკალავიშვილი, სულაც მოსაკვეთი რომ ყოფილიყო, ,,ურალით,, შენობაში შევარდნა და ადამიანის დასაპატიმრებლად ხალხის რბევა იყო კატასტროფა. სააკაშვილმა წმინდა გიორგის სახელს კიდევ ერთხელ დაუკავშირა გამარჯვებები, ასევე მისი ანგელოზის დღეს დაუკავშირა გადარჩენა ბოლოდროინდელ ამბებში, მაგრამ მას არ უთქვამს, უკავშირებს თუ არა ის, ასევე, ზებუნებრივ ძალებს იმასაც, რომ ფერიას მთაზე ეკლესიის დანგრევას მის ადგილზე , ,,ეშმაკის ბორბლის,, მოწყობის მიზნით, აჭარაში ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში ჭერის მოულოდნელი და სრულიად აუხსნელი ჩამონგრევა მოჰყვა…იმ აზრს, რომ წინა კვირას გიორგი გაბუნია წინასწარი განზრახვით,, და მიხეილ სააკაშვილისთვის ,,სატოპკეს აწევის,, მიზნით შეეხუმრა ღვთისმშობელს, მიმყარებს გადაცემის ფინალურ ნაწილში სტუდიის ჩაბნელების და მისი ჭრაქით განათების მიზანსცენაც…

ჩემი აზრით, ძალიან ცუდია პიარტექნოლოგია, რომლის შინაარსიც ასე მალე და მარტივად იშიფრება და კარგია, თუ ამ ტრიუკების გაშიფვრას ხალხი მოახერხებს – ეს ნიშნავს, რომ ხალხი ადვილად ვეღარ ,,დაბოლდება,, და პოლიტიკოსები თანდათან იძულებულნი გახდებიან, მხოლოდ PR ტექნოლოგიებით არ მართონ ჯერ საზოგადოებრივი აზრი და მერე – თავად ამ საზოგადოების ცხოვრება.

გაიზარდა თუ არა ქართველი ამომრჩეველი, მივხვდებით, თუ დავინახავთ, რომ გაზრდილია საზოგადოების დაკვეთა პოლიტიკოსების მიმართ და ის ნდობის მოსაპოვებლად PR ტექნოლოგიების გამოყენებით სამსჯავროზე გამოტანილ გაცილებით მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს მოითხოვს!

ეს არის ჩემი პირადი აზრი, რაც (დიდება დემოკრატიას) კანონით დაცულია აბსოლუტური უფლებით. შესაბამისად, განსაკუთრებით დემოკრატიულ ღირებულებებზე დიდი პრეტენზიის მქონეთა მხრიდან, ამ აზრის მხოლოდ სწორად გაგებას მოველი.