“პარლამენტი, როგორც ხალხის ნების გამომხატველი ორგანო, განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს”

„გაერო-ს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ახლობელია და პრაქტიკულად, არ განსხვავდება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დისკურსისაგან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციაზე – „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-იმპლემენტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ორი დღის წინ საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი აღნიშნა. მისი თქმით, მაშინდელ საერთაშორისო გარემოში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, სახელმწიფოებრივ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში, პროგრესული, მოწინავე და დემოკრატიული პრინციპების განსახიერებას წარმოადგენდა.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ სახელმწიფოებრივი განვითარების ძირითადი პრობლემების გადაჭრა, მათ შორის, ინსტიტუტების გაძლიერება და კორუფციის დაძლევა, შეძლო, თუმცა, მისივე თქმით, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენს წინაშეა თანამედროვე გამოწვევები, რომლებთან გამკლავება მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირით და თანამშრომლობით შეიძლება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „2012 წელს, მთავრობაში მოსვლისთანავე, „ქართულმა ოცნებამ“ გეზი აიღო ბევრი იმ პრობლემის დაძლევისკენ, რომლებიც მოგვიანებით 2015 წლის სექტემბრის სამიტზე, გაერო-ს „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ 17 ამოცანის სახით იქნა დამტკიცებული“.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე ძირითად დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ხელისუფლების გამოცდილებას ასახავს.

კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ შეძლო, თავი დაეღწია მოკლევადიანი აზროვნების წრისთვის და მომავლის შენებაში რეალური ინვესტიციები ჩაედო.

„უპირველეს ყოვლისა, მდგრადი განვითარების ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელია ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ეს ამოცანები დაკავშირებულია დანახარჯებთან, რომლებიც ყოველი მთავრობისათვის ძნელი გასაწევია, რადგან შედეგის მიღებას გრძელვადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს. ჩვენ შევძელით, დაგვეღწია თავი მოკლევადიანი აზროვნების მოჯადოებული წრისათვის და რეალური ინვესტიციები ჩაგვედო მომავლის საქართველოს შენებაში – მოსახლეობის ჯანდაცვაში, განათლებაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მშვიდობიანი გარემოს შექმნაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ურთულეს რეგიონსა და გამოწვევებით აღსავსე ისტორიულ პერიოდში განვითარების მიუხედავად, საქართველოს არასდროს გამოუყენებია ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები საბაბად, რომ განვითარების პრიორიტეტებიდან გადაეხვია.

„ჩვენი ხელისუფლება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესების თანმიმდევრული დამცველია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი ოკუპირებულია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, სხვადასხვა ფორმით, კვლავ მიმდინარეობს“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულია ხელისუფლების დემოკრატიული სიჯანსაღის შენარჩუნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების შტოებს შორის თანასწორობას და დემოკრატიული მონაპოვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს.

მისი თქმით,  ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი არის პარლამენტი.

„სწორედ პარლამენტი, როგორც ხალხის ნების გამომხატველი ორგანო, განსაზღვრავს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად მიმართულებებს. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მდგრადი განვითარების პრინციპების ერთგული დარჩება“,- განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.