თავდაცვის სამინისტროში IT აუდიტის პილოტური პროექტი იწყება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ,,საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში, იწყება ინფორმაციული ტექნოლოგიების პილოტური აუდიტი. ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. პროცესს გაუძღვება მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.

პილოტური პროექტის ფარგლებში გაიმართა ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ორდღიანი ტრენინგი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შიდა აუდიტის სუბიექტების წარმომადგენლები.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი არის აუდიტის ახალი სახე და მისი განხორციელება შიდა აუდიტის სუბიექტებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელოვან პროცესებში გამოყენების მზარდი ტენდენციის და მასთან დაკავშირებული რისკების ფონზე. პილოტური აუდიტის განხორციელების მიზანია, შიდა აუდიტის თანამშრომლებმა, საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით, შეისწავლონ ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების მეთოდოლოგია და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რის საფუძველზეც შემდეგში შეძლებენ დამოუკიდებლად ამ ტიპის აუდიტის განხორციელებას.

შიდა აუდიტის ფუნქციის გაძლიერება მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებებისათვის და წარმოადგენს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის ნაწილს, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სათანადოდ დანერგვა-განხორციელება პრაქტიკაში, მნიშვნელოვნად გაზრდის საჯარო სექტორის ეკონომიურ, ეფექტურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მიღებულ გამოცდილებას შემდგომში სხვა სამინისტროების შიდა აუდიტის ერთეულებს გაუზიარებს.