საკრებულოს უმრავლესობის წევრები გაფიცულ მეტროს მემანქანეებს ხვდებიან

გაფიცულ მეტროს მემანქანეებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ხდებიან. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

შეხვედრა საკრებულოს უმრავლესობიდან ლევან არველაძე და ოთარ გრიგოლია ესწრებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრას ასევე ესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სულხან სალაძემ.

როგორც მეტროს მემანქანეები აცხადებენ, მათი პროტესტი საფუძვლიანია, რადგან სახელფასო ანაზღაურება მცირეა.

მანამდე მერმა ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მათი ხელფასი პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ანაზღაურებას აღემატება.

თავის მხრივ გაფიცულები აცხადებენ, რომ მემანქანის ხელფასი არა 1800 ლარს, არამედ 1200 ლარს შეადგენს. თბილისის ვიცემერის განცხადებით, მემანქანეების გაფიცვას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

გუშინ სატრანსპორტო კომპანიამ მემანქანეებს გაფიცვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა.

31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აკერძალათ.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.