ვაკის პარკთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ვაკის პარკში დღეს ორი პარალელური აქცია იმართება. პრორუსული ორგანიზაცია „უკვდავი პოლკი“ უცნობი ჯარისკაცის საფლავისკენ უკვე დაიძრა, ვაკის პარკში აპირებენ მისვლას ორგანიზაცია „რუსეთი ოკუპანტიას“ და „არა ოკუპაციას“ წევრები. მათი მთავარი სლოგანია „არა პუტინის მარშს.“

თუმცა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მსვლელობა კონტრაქცია არ არის, მათ უბრალოდ სურთ, რომ კიდევ ერთხელ გამოხატონ საქართველოს ურყევი არჩევანი, დასავლური ღირებულებების მიმართ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი – 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს. როგორც შსს-ში განმარტეს, ისინი დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

ერთი ადამიანი კი, 1969 წელს დაბადებული თ. ფ. პოლიციამ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის, 174-ე 16 პრიმა მუხლით, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.