მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს კიდევ 6 მოზარდი დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში 6 მოზარდი დაიკითხა. მათი ნაწილი ხორავას ქუჩაზე არ ყოფილა. გამოძიებას მათგან, სავარაუდოდ, კონფლიქტის დაწყების გარემოებები აინტერესებს. გამოკითხულ მოსწავლეებთან გაუთქმელობის ხელწერილი გაფორმდა, რის გამოც მედიასთან კომენტარი ვერ კეთდება.

მშობლების უმეტესობის თქმით, მათი შვილები მკვლელობის დროს ხორავას ქუჩაზე არ ყოფილან, თუმცა ერთ-ერთი მათგანის ადვოკატი ამბობს, რომ ბავშვების ნაწილი ხორავაზე მკვლელობის შემდეგ მივიდა.

სამართალდამცველებს, სავარაუდოდ, ასევე აინტერესებდათ, როგორ განვითარდა მოვლენები მკვლელობის შემდეგ დღეებში.

შსს-მ ბოლო დღეების განმავლობაში, ჯამში უკვე 13 ადამიანი გამოკითხა, მათგან 11 მოსწავლე, 2 კი მასწავლებელია.

31 მაისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლო გადაწყვეტილებას პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.

საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.