“ჩემი 7 თვის შვილი დღეს პირველად დავიჭირე ხელში, ბედნიერი ვარ”

პროფესიონალი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) საქართველოში ჩამოვიდა. 2018 წლის პროფსიონალური სუმოს ტურნირებზე ტოჩინოშინმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, მაისის ტურნირზე კი სუმოს რანგით მეორე ტიტული – ოძეკის ტიტული მოიპოვა.

2018 წელს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი საქართველოში იაპონიიდან პირველად ჩამოვიდა.

„ძალიან დიდი ემოციებით შემხვდნენ აეროპორტში. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა, ძალიან გახარებული ვარ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შვილი 7 თვეა, რაც დაიბადა და დღეს აეროპორტში პირველად დავიჭირე ხელში. ბედნიერი ვარ. დღეს კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ რაინდის წოდება მომანიჭეს, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. მომავალში, შევეცდები, რომ რაინდის წოდება ვატარო ისე, რომ იოკუძუნობამდე მივაღწიო“- განაცხადა ლევან გორგაძემ.