„აუცილებელია ამ ბავშვების ჩართულობა სამოქალაქო ცხოვრებაში“

დავით უთმელიძის ინიციატივით საკრებულომ 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით უთმელიძის ინიციატივით თბილისის საკრებულომ სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები და სპექტაკლი “კომბლე” წარუდგინეს.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსუ ეკა დგებუაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

დავით უთმელიძემ აღნიშნული სკოლის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სკოლაში დღეს თბილისიდან და რეგიონებიდან სმენის პრობლემის მქონე 150-მდე მოსწავლეს აქვს საშუალება სრულფასოვანი ზოგადი განათლება მიიღოს.

როგორც დავით უთმელიძემ აღნიშნა, სკოლის აღსაზრდელებს უტარდებათ მეტყველების თერაპია, ქართული ჟესტური ენის გაკვეთილები, აქვთ ხელოვნების წრეები, სადაც მოზარდები ხატვასა და ძერწვას სწავლობენ. გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, სკოლაში სპორტული წრეებიც ფუნქციონირებს.
„სკოლის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი აღსაზრდელები სრულყოფილად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო ცხოვრებაში, რისთვისაც სკოლის დირექციას და პედაგოგებს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“ – განაცხადა დავით უთმელიძემ.