სიტყვა “ნაწამები” ნახსენები არ არის – 100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობა!

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა 3 თვიანი ლოდინის შემდეგ სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომელშიც 100-ზე მეტი მოტეხილობა და ჭრილობაა აღწერილი. როგორც დოკუმენტი იუწყება, ჯარისკაცს ყველა დაზიანება სიცოცხლეში, ბლაგვი საგნის მრავალჯერადი გამოყენებით აქვს მიყენებული.

დასკვნას ნაწილობრივ ეთანხმება ტატუნაშვილების ოჯახი, მაგრამ როგორც მოკლული ჯარისკაცის მამა ამბობს, აქვს კითხვები და აპირებს შეხვდეს ექსპერტებს, კერძოდ, ოჯახის მთავარი ეჭვები შუბლის არეში, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლის შედეგად მიყენებულ დაზიანებას და ცხვირს უკავშირდება.

არჩილ ტატუნაშვილის ცხვირზე არსებული დაზიანებები, რომელიც ოჯახმა ცხედრის გადმოცემის შემდეგ აღმოაჩინა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ დასკვნაში საუბარია სიცოცხლეშივე მიყენებულ 100 ჭრილობასა და მოტეხილობაზე,   სამხარაულის დასკვნაში სიტყვა “ნაწამები” ნახსენები არ არის,  იურისტები კი აცხადებენ, რომ აღწერილი დაზიანებების სიმრავლე და სიმძიმე ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც ტატუნაშვილის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს, ამბობს, რომ სიკვდილის მიზეზის დასადგენად ახლა კომისიური ექსპერტიზაა საჭირო.

სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის და გამოძიების ნაკლოვანებებზე საუბრობს ცენტრი ემპათიის ხელმძღვანელიც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – არჩილ ტატუნაშვილის მამა ამბობს, რომ მკვლელობის შემდეგ მის შვილს ორგანოების ნაწილი ამოაცალეს.