ირაკლი კობახიძე უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად,   8-10 ივნისს, კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით ” მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

ღონისძიების ფარგლებში,  ირაკლი კობახიძე, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან – ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერს ხელს.  ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, ირაკლი კობახიძე, ანდრიი პარუბი და ანდრიან კანდუ პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე ისაუბრებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კონფერენციის პანელურ დისკუსიებში – „უკრაინა, საქართველო, მოლდოვა: ასოცირების შეთანხმებიდან ევროკავშირში სრულ ინტეგრაციამდე“ და „პოლიტიკური დიალოგი და კონსესუსის შენება“,  მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას, ასევე,  ევროპარლამენტარები: რებეკა ჰარმსი, ანა გომეში, მიჰაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩუსი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა, გიორგი მოსიძე, ბექა ოდიშარია და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.