“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია კი არადა, მოიწყინე!..”

დინა მირცხულავა

ჟურნალისტი

-ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია კი არადა, მოიწყინე !
იმასაც გაგიგებ, რომ შეღონდე…

თვეების ნაგროვები ხელფასით ძლივს მივდივართ ექიმამდე, სადაც მხოლოდ ვიზიტი ღირს კონკრეტულად ჩემი ხელფასის, მეხუთედი…ის ექიმი სხვაგან მაგზავნის, ის სხვა კიდევ სხვაგან, ის კიდევ სხვაგან, ის კიდევ სხვაგან და უი, არც ერთი არ ყოფილა !

მოდი გამორიცხვის მეთოდით მივუდგეთო…
ჰოდა, გამორიცხვის მეთოდით, თურმე საოპერაციო ვარ…ოპერაცია ჯდება 1000 ლარი და 700 ლარს (პირობითად) მიხდის სახელმწიფო და სამას ლარს ვამატებ მე…
არავინ შემომედავოს, რომ ოპერაციის ღირებულება ზუსტად ისაა, რასაც პაციენტი ამატებს და არა ის, რასაც ქაღალდზე გიწერენ….

ხელფასიდან მრჩება ასი ლარი…. იმ ასი ლარით დიეტაც უნდა დავიცვა და წამლებიც ვიყიდო ოპერაციის შემდგომი, გადასახადებიც გადავიხადო, ოჯახიც გამოვკვებო და ბებიაჩემის პენსიას თითი არ დავაკარო…
ეს მხოლოდ ჯანდაცვის სფერო…

ახლა განათლების სფერო – პროგრამა სუსტ მოსწავლეზე არაა გათვლილი, ვერ სწავლობ ?! რა გაეწყობა, ჩემი პროგრამა ითვალისწინებს ძლიერი მოსწავლის გაძლიერებას… ვიცი, რასაც ვწერ და აქაც არ შემომედავოთ….
არ არის ახალი აღმოჩენები, არ მიდის წინ მეცნიერება, კაცი , რომელიც კვანტური ფიზიკის ახალ მიღწევებზე მუშაობს, მშიერია…. მასზე მეტი ფული მათხოვარ ბავშვს აქვს, დიდუბის მეტროსთან რომ მხვდება…
შეგეცოდება მოხუცი, გაიმეტებ ხურდას და საღამოს ხედავ, უცხოური მარკის ავტომობილით აკითხავს შვილი თუ შვილიშვილი და სახლში მიჰყავს…

მთელი დღის ნამუშევარი დგახარ გაჩერებაზე, რომ როგორმე სახლში მიაღწიო, გაივლის ერთი ნომერი, არ აჩერებს, გაივლის მეორე- არ აჩერებს და მესამეში იმ შემთხვევაში ახვალ, შენს გაჩერებაზე თუ ვინმე ჩამოვა…
ჰოდა, აგრესიული და მოშლილი ახალგაზრდები, ნუ გიკვირთ…

ამ დროს, ძლიერნი ამა სოფლისანი ესკორტით გადაადგილდებიან… ჰო, ჯიპების ფერი შეიცვალა, კინაღამ დამავიწყდა ამის დაწერა…

რა მოხდა მერე ?! მოხდა !

„თუ შენი ქვეყანა უბედურია, შენ კი ბედნიერი, სადღაც არ ყოფილხარ პატიოსანიო“ – დიდმა კაცმა თქვა ეს…
ადამიანთა გაურკვეველი ჯგუფი კეტავს გზას, თვითონაც არ იცის, რას ითხოვს და არავის არ აქვს ადეკვატური პასუხი მათთვის…

ღირებულებათა სისტემა ნულს ქვემოთ ნიშნულზეა – არავითარი მოწიწება რელიგიის მიმართ, რომელიც ისევეა სახელმწიფო მართვის ელემენტი, როგორც განათლება…

და ბოლოს – სულში ჩაფურთხება და სულზე ფეხის დადგმაა, რომ სამართლიანობის მეტრად ის კაცი გვევლინება, რომელიც უსამართლობის გამო უნდა გაესამართლებინათ…

მოიწყინე, ჩემო კარგო ქვეყანავ, მოიწყინე….

მე მესმის შენი…