თინეიჯერის სასწორი

თინეიჯერის სასწორი

დეა ცომაია

17 წლის

ილია ჭავჭავაძე წერდა:

„განა მარტო სარწმუნოებაზედ, რჯულზეც არის ახლანდელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული? განა არ შეიძლება კაცი ან ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერპთთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი ან კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების  გზაზედ დამდგარი და ცხოვრებაში ყოველმხრივ წარმატებული?.. სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა – ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისთვისაც სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო“.

დიახ, მე ვეთანხმები ილიას სიტყვებს, განა მარტო სარწმუნოებასა და რჯულზეა ახლანდელი კაცობრიობის ცხოვრება დამყარებული? სულაც არა. ჩვენი, საზოგადოების, გასარჩევი ნამდვილად არაა, ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის იქნება. ვფიქრობ, ადამიანის ცხოვრებაში, რელიგიური თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ საკითხს გვერდიდან თუ შევხედავთ, უფრო თვალსაჩინო დასკვნების გაკეთებასაც შევძლებთ. მაგალითისთვის, ვაჟა ფშაველას შემოქმედებიდან „ალუდა ქეთელაური“ მოვიყვანოთ. რელიგია არაა – პატიოსნების, ღირსებისა და ვაჟკაცობის საზომი, როგორც ერთი კონკრეტული მაკავშირებელი კომპონენტი. ნაწარმოების თითოეული პასაჟი გვაძლევს საშუალებას, ფართო ასპარეზზე დავინახოთ ფასეულობებისა და ღირებულებების კორიანტელი, რომელიც ვაჟკაცობით, ადამიანობით, ღირსებითა და სამართლიანობით განისაზღვრება. რაოდენ მძიმეც უნდა იყოს, თემს თავისი სამართალი აქვს. ქისტები ოდითგან მტრებად, უჯიშო პიროვნებებად და „დიაც“ ვაჟებად მიაჩნდათ, „რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა.“ მათთვის წარმოუდგენელია ტრადიციებთან წინააღმდეგობა, ხოლო ნამდვილი ვაჟკაცის მოვალეობად და უდიდეს პატივად მოჭრილი მარჯვენების რაოდენობა მიაჩნდათ. მაშ სად არის ნდობა?! რა საჭიროა „მარჯვენა“, თუ თემში კაცის სიტყვა ფასობს?! თემი დრომოჭმულ ტრადიციებსა და დადგენილ წესებს ემორჩილება, თუმცა არავის აინტერესებს, რომ ქისტსაც შეიძლება ჰქონდეს ვაჟკაცური ღირსება. როდესაც სინანულისგან დამწუხრებულმა ალუდამ დამწყალობებისასბერდიასთან მუცალის სახელი ახსენა, მას უთხრა, რომ „გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითა.“ ამ თვალსაზრისით კი ადამიანი, რომელიც მტერს მარჯვენას არ სჭრის, ფლიდი და ურჯულოა. თემისა და ბერდიას თვალსაზრისით, მუცალის ხსენება რჯულის აგდება და უდიდესი სირცხვილია. და რა გამოდის, რომ თუ ადამიანური ღირებულებების დანახვას ცდილობ ურჯულო ხარ? ნამდვილად არა, ეს სუბიექტური და დრომოჭმული აზრია და როგორც ილია ამბობდა: – „ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისთვისაც სასარგებლო“.

ვაჟა ფშაველა ბუმბერაზი მწერალი იყო, მან დიდი განძი დაუტოვა მომავალ თაობებს მისი ნაწერების სახით. იგი ბუნების მგოსნად გავიცანით, მას არა მარტო ადამიანების, არამედ უსულო საგნების სატკივარიც ესმოდა. „ალუდა ქეთელაურით“ მან საზოგადოებას, ერს, გამოფხიზლებისკენ მოუწოდა. ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებებზე საუბრისას, არ უნდა გამოგვრჩეს უკიდეგანო ემოცია, ტკივილი და იმ ეპოქის ბნელი და მიმალული სარჩული. შესაძლოა, ხალხს გაუჭირდეს ალუდას საქციელის აღქმა, ან შეფასება, რადგან თითოეულ ნაბიჯს თავისი ახსნა აქვს და დიდი მნიშვნელობა აქვს მას ვინ როგორ გაიგებს. მისი სინანული, ტრადიციების შეწინააღმდეგება და მორალური სისუსტე მხოლოდ მძიმე და დამაჯერებელი არგუმენტით იქნება განპირობებული. მან დაინახა ქისტში, „რჯულ-ძაღლში“, – ადამიანი, რომელსაც ვაჟკაცობა შერჩენოდა, სწორედ მაშინ გაანალიზა, რომ ისიც, როგორც მისი მტერი, დედის გაზრდილი იყო. სწორედ ამიტომ დამწყალობების ჟამს ლოცვებში მუცალი მოისხენია – „მუცალს ეტყოდნენ სახელად, მაუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიმწყალობე, გამიმეტებავმისთვინა“. მეტიც, მას უკვირს თემის დამოკიდებულება, რადგან ვერ ხვდებიან ალუდას სატკივარს, რომ თურმე არა – პიროვნულ ღირებულებას, არამედ რელიგიას უნდა სცენ პატივი, არადა ძმები არიან, არადა ერთნი არიან. ნუთუ ქრისტიანობა მოიცავს და გვასწავლის იმას, რომ ადამიანი სიკვდილის წინაც არ შევიწყალოთ? მერე რა, რომ ის მტერია…

მოგონებების სკივრში ვინახავთ იმ დეტალებსა და „ჭუჭრუტანებს“, რომელიც საკუთარ თავზე გამოგვიცდია, რომელიც ჩვენს ირგვლივ მომხდარა, რომელსაც შევსწრებივართ და მათი ნაწილი გავმხდარვართ. საქართველო კერაა რელიგიებისა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, ოდითგან, შვილივით უფრთხილდებოდა. განა ხშირია, რომ რამდენიმე რელიგიის ნაგებობა გვერდიგვერდ იდგეს? სირცხვილია იმაზე საუბარი, თუ ვინ რა ეთნიკური წარმომავლობისაა, რა რელიგიის სწამს და ჭეშმარიტება, ვის როგორ ესმის. პატიოსნება, რელიგიით არასდროს განსაზღვრულა. თვით უზენაესი მოძღვარიც ხომ ამას ამბობდა: „რჯული არ შეიქმს კაცს, არამედ საქმეო“. რატომ არ ვაკვირდებით იმას, თუ ვინ როგორ უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობებს? რატომ არ ვართ ორიენტირებულნი საქმის კეთების ხარისხზე? თუ, ვინმეს, რომ რაიმე რელიგიის არ სწამს, ნაკლები სიმძაფრით ემსახურება საკუთარ პროფესიას? არა, არა, მთავარი სხვისი განკითხვა არაა, რადგან ჩვენ ამის კომპეტენცია და უფლება არ გვაქვს. განა ღმერთმა არ თქვა, „არ განიკითხო მოყვასი შენიო?“ არავის შეუძლია რელიგიის ხარისხის გამოთვლა ან შეფასება, რადგან ამის სქემა არავის შეუქმნია, შესაბამისად, ყველას თავისი ფიქრი აქვს, ყველას ინდივიდუალურად სწამს, ზოგს ფანატიკურად, ზოგსაც ზედაპირულად. ისტორიას აუცილებლად ეყოლება რამდენიმე მწერალი თუ პოეტი, მხატვარი თუ მომღერალი, რომელთა ღირსებაც შინაგანი ცნობიერიდან მოდის და არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან. რამდენჯერ მიფიქრია, რომ ხშირად ადამიანები ვერ ახერხებენ ეკლესიაში სიარულს, ვერ ნახულობენ სიძველისგან გახუნებულ კედლებს, ჩამოშლილ ბათქაშსა და შავ ანაფორებში გადაცმულ მოძღვრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეკლესიაში მოსიარულეებზე ნაკლებად სწამთ ღვთის. სარწმუნოების საქმე ხომ სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა, ვის რა სიმძაფრით სწამს ღმერთის არსებობა.