მე, მოქალაქე…კანონდამრღვევი მძღოლის გამო გალანძღული ქალაქის მერი…

ქეთი მიქაძე

ახალი რუბრიკა

მე, მოქალაქე…

მე, მოქალაქე აღარ ვაპირებ დარღვევებზე გაჩუმებას!

ეს ქვეყანა ჩვენი და ჩვენი შვილებისაა, სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია მომავალ თაობას იმაზე უკთესი ქვეყანა დავტოვოთ, ვიდრე ჩვენ გვაქვს. ყველამ რომ თავისი საქმე პირნათლად აკეთოს, მაშინ მართლა შედეგი დაიდებოდა…

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, აღარ ვაპირებ დარღვევებზე თვალის დახუჭვას. ხომ გახსოვთ-მოყვარეს პირში უძრახე და მტერს ზურგს უკანაო” და რადგან მტრად არავინ მიმაჩნია, ხმამაღლა ვიტყვი იმ კანონდარღვევებზე, რაც ყოველ დღე ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება…

ზღვა კოვზით დაილიაო და თუ ასე თითო-თითო პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, „პრობლემების ზღვასაც“ ადვილად დავაშრობთ.

პირველ რიგში გეტყვით იმას, რამ გადამაწყვეტინა ამ ყველაფრის თქვენთვის თქმა-ძალიან მაბრაზებს ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება, სხვის ბამბის ჩხრიალის გაგება და საკუთარი კაკლის არა. დღეს სამარშუტო ტაქსში მძღოლმა რომ კონდენციონერი არ ჩართო და მგზავრებს საკმაოდ უხეში პასუხი გასცა, ხალხმა ეს ყველაფერი ქალაქის მერს გადააბრალა.

ვინმემ რომ არ თქვას, თავად შეწუხდა და იმიტომ წერსო, გეტყვით, რომ სიცხე არ მაწუხებს და 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზეც საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს, ასე რომ კონდენციონერის ჩაურთველობა საერთოდ არ მაწუხებს, მე სხვა რამ მაბრაზებს…

მოდით ამჯერად უკვე კონკრეტულ მარშუტზე მოგიყვებით და დიდი იმედი მაქვს სატრანსპორტო კომპანია რეაგირებას მოახდენს.

#24 „მარშუტკა“ ჯერ ვარკეთილის მეტროსთან დგას საკმაოდ დიდხანს, სანამ ყველა ადგილი არ შეივსება და ფეხზეც 4-5 ადამიანი არ დადგება, მძღოლი არ წავა. ამ დროს კონდენციონერი ჩართული არ აქვს და თუ ვინმემ გაბედა და საყვედური უთხრა, ისე მოაჯახუნებს კარებს და ისეთი „ბღუილით“ დაძრავს მანქანას, სიგრილეს ვიღა ჩივის, მხოლოდ ერთი აზრი გაქვს-ნეტა სახლში მშვიდობიანად მივიდეო. მერე ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებს. აქ ხალხის შეგნებაზეც არის, ხომ შეიძლება 2 ნაბიჯი გადადგა და გაჩერებაზე დაელოდო ტრანსპორტს.

ხალხი აღარ ეტევა და მძღოლი ყვირის-გაიწიეთ, რომ სხვაც ამოვიდესო.

-ნეტა სადღა-ისმის ამ დროს განაწყენებული, სიცხისგენ გასავათებული და ცალ ფეხზე მდგარი მგზავრების უკმაყოფილო პასუხი, თუმცა მძღოლს რეაგირება არ აქვს.

ასე იყო დღესაც. სამარშუტო ტაქსში 5 ბავში იყო, ეტყობა ძალიან სცხელოდათ და ვერ ისვენებდნენ. ტრანსპორტით იშვიათად ვსარგებლობ, რადგან გზა, რომელსაც ფეხით თუნდაც ძალიან ნელა ვიარო გავდივარ 10 წუთში, ამ სამარშუტო ტაქსით გავდივარ 20 წუთში, ესეც საუკეთესო ვარიანტში, ამას დაუმატეთ 20-25 წუთი მეტროსთან მდგარ ტრანსპორტში ყოფნა და ადვილად მიხვდებით რატომ მირჩევნია ფეხით წასვლა.

ხო, იმას ვამბობდი, ერთი ბავშვის დედამ მძღოლს უთხრა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებ, ამდენი მგზავრი ამოგყავს და კონდენციონერი მაინც ჩართეო. მძღოლმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ მისი ბუტბუტი ისმოდა. ქალმ ა კიდევ გაუმეორა, გვერდით მჯდომმა უთხრა-კარგი, ნუ უშლი ნერვებს სადმე არ გადაგვაყირავოსო. მის წინ მჯდომმა ქალბატონმა კი კალაძეს მოკითხეთო და აი აქ დაიწყო. მგზავრებს სიცხეც გადაავიწყდათ და გადამეტებული ხალხის რაოდენობაც, ყველა უცბად „გაპოლიტიკოსდა“ და ერთიანად შეუტიეს კალაძეს.

-კალაძე აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა შუაშია? – ვკითხე მე.

-როგორ თუ რა შუაშია, თვითონ ხომ ზის გრილად, მიხედოს ქალაქს. აბა ვინაა შუაში?-მომახალა რამდენიმემ ერთად.

-ჩვენ, მე, თქვენ, უბრალო ადამიანები-ვუთხარი მე – ახლა მძღოლს უნდა მოსთხოვოთ კანონის დაცვა, ჩვენი უფლებების დაცვა, თორემ კალაძის ლანძღვაში კი მიხვედით თქვენს გაჩერებებზე…

-ინტრიგანია ვიღაც, დაანებეთ თავი – უთხრა ქალებს მამაკაცმა და გაბრაზებულმა მიაძახა მძღოლს-გამიჩერე მაქ, თუ კაცი ხარო…

მძღოლი? საკმადო ბედნიერი და ირონიული ღიმილით იჯდა და კმაყოფილიც იყო-აღარავის ახსოვდა კონდენციონერი და დარღვეული კანონი.

ბავშვები ისევ წუხდნენ, 117-ე სკოლასთან გაჩერებაზე ამოვიდნენ აბიტურიენტები, გამოცდისგან ისედაც გასავათებულები სამარშუტო ტაქსში უფრო გასავათდნენ და ცივ ბოთლებს იდებდნენ შუბლზე…

ნაცნობი სიტუაციაა ხო? და მაინც-ამ კონკრეტულ მომენტში რა შუაშია კალაძე? ხო, და კიდევ ერთი-როცა სატრანსტორტო კომპანია შემოწმებას თუ მონიტორინგს ატარებს, იმ დღეს მძღოლები ერთმანეთს აფრთხილებენ, ყველას კონდენციონერი აქვს ჩართული, მხოლოდ გაჩერებებზე აჩერებენ, იმ დღეს ვერსად ნახავ „პახმელიის“ შემდგე საჭესთან მთვლემარე მძღოლს, ვერვ იმას ნახავ, მთელი გზა მესენჯერში რომ არის შემძვრალი და გზას იშვიათად უყურებს…და ასეთი რამდენი…

ახლა კი მოგმართავთ ყველას, ვინც მისმენდით, მოდით აღარ დავხუჭოთ თვალი დარღვევებზე, ხმამაღლა ვისაუბროთ და ჩვენ თვითონ მივხედოთ ჩვენს ქალაქებს…

მოგვწერეთ და ჩვენ თქვენს სათქმელს საზოგადოებას გავაცნობთ.  იმის თქმა, რომ სხვაც ხედავს დარღვევებს და სხვამ ამოიღოს ხმა, უბრალოდ წარმოუდგენელია თუ შენი ქვეყანა გიყვარს და მომავალზე ფიქრობ. გაჩუმება უკვე დანაშაულია! მე მინდა ქვეყანა, სადაც კანონს ყველა პატივს სცემს!