იცნობდეთ! 47 წელი ბაღში აღმზრდელად და გაასმაგებით დაბრუნებული სიყვარული – იამზე მუმლაძე

საბავშვო ბაღი ის ადგილია, სადაც ყოველ დილით მშობელი შვილს ტოვებს და მერე მთელი დღე ფიქრობს, როგორ გაჩერდება, ხომ არ იტირებს…თუმცა არიან აღმზრდელები, რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ და ბაღში წასასვლელად დილის გათენებას მოუთმენლად ელიან, მერე სულ სიმღერით მიუყვებიან გზას და საყვარელ პედაგოგს ისე მიჰყვებიან, ზოგჯერ დედიკოსთან დამშვიდობებაც ავიწყდებათ.

აი, ერთ-ერთი ასეთი აღმზრდელია იამზე მუმლაძე, რომელიც უკვე 47 წელია ერთგულად ემსახურება საყვარელ საქმეს. მის ხელში არაერთი თაობა აღიზარდა და დაფრთიანდა. წლები გადიან და უკვე თავად მშობლებს სწორედ იამზე მასწავლებელთან მიჰყავთ თავიანთი შვილები.

ასე იწყებდა წლების წინ.

იამზე მუმლაძე დღეს 27-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელია და როგორც ბაღის დირექტორი, თეონა ჯინჭარაძე ამბობს, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პედაგოგია.

ქალბატონ იამზეს ძალიან უყვარს ბავშვები, ზრუნავს მათ აღზრდასა და განვითარებაზე. როგორც წლების წინ აზიარებდა აღსაზრდელებს ხელოვნების სიყვარულს, დღესაც ისეთივე ენერგიით უღებს პატარებს კულტურის კარებს.

იამზე მასწავლებელი ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრების გმირებსაც თამაშობს, მღერის ცეკვავს და ყოველ დღე რაღაც ახალს სთავაზობს პატარებს, ბავშვებიც მოუთმენლად ელიან რას შესთავაზებს ახალს აღმზრდელი.

სიყვარული არ ეკარგება, პატარები ორმაგად უბრუნებენ სიყვარულს და სითბოს, აღმზრდელისთვის კი სხვა უფრო დიდი ჯილდო არც არსებობს.

საბურთალოზე ყველა იცნობს, ყველას უყვარს და პატივს სცემენ, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვის-ვაჟა-ფშაველას კვარტლებში რაც კი ბავშვებია წლების განმავლობაში, იამზე მასწავლებლის გაზრდილიაო.

არ იღლება, არ ბეზრდება, არც ხელფასზე წუწუნებს. რატომ? იმიტომ რომ უყვარს თავისი საქმე და უყვარს ბავშვები.