“თამამად შემიძლია განვაცხადო” – ტიგინაშვილი ხობში გამართულ ფორუმს ეხმიანება

13-17 ივლისის ფარგლებში, ქალაქ ხობში გაიმართა ფართომასშტაბიანი ფორუმი ქრისტიანულ ფილოსოფიასა და თეოლოგიაში, რომელშიც მაღალი რანგის კვალიფიციური მეცნიერები და დამწყები მკვლევარები მონაწილეობდნენ.

თუ რა საკითხების განხილვა ხდებოდა კონფერენციისა და სემინარების მიმდინარეობისას, ვინ იყვნენ ორგანიზატორები და რა შთაბეჭდილებები დარჩათ მონაწილეებს, ამ პერიპეტიების შესახებ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი გვსაუბრება:

-“ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, მრავლისმომცველი, სულიერი და ინფორმაციული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტი / New Georgian University – ის მიერ ორგანიზებული “ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში”, სადაც 15 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური წარმომადგენლობა და მიწვეული სტუმრებიც მონაწილეობდნენ ცალკეულ სემინარებსა და მთლიანად სამეცნიერო კონფერენციაში. აგრეთვე, ნიშანდობლივია მომხსენებელთა და პროფესორ-მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია და საერთაშორისო ხარისხი თუ დონე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორის – თენგიზ ირემაძისა და ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორისა და ჰეგელის არქივის დირექტორის (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი და კასელის უნივერსიტეტი. გერმანია) – ჰელმუტ შნაიდერის ბეგრაუნდი, სამეცნიერო მიღწევები და დამსახურება. სწორედ მათი გამოცდილების გაზიარება, ინტელექტუალური მარაგის გაცნობა და ჯანსაღი საგანმანათლებლო ორიენტირების დასახვა არის ის ფუნდამენტი, რაზედაც შესაძლებელი ხდება, რომ მომავლის პერსპექტივა დაშენდეს, რამეთუ რწმენისა და ცოდნის, მისტიკისა და რაციონალიზმის სინთეზირება გვახსენებს ადამიანის – პიროვნებად ამაღლების ვალდებულებას ქრისტეში. როგორც წმ. დიონისე არეოპაგელი იტყოდა: “ჭეშმარიტი მღვდელმთავარი განღმრთობილ და განსწავლულ ადამიანს მოასწავებსო”!

დიახ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ფოთისა და ხობის ეპარქია გახლავთ იმ უიშვიათესთაგანი (ქართულ სინამდვილეში) სადაც ადგილობრივი მწყემსმთავრის, ამ შემთხვევაში მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) პრიორიტეტთა ნუსხაში განათლება, ნამდვილი თეოზისი და მეცნიერება მოწინავე პოზიციებს იკავებენ. თვალშისაცემია მეუფის დაუცხრომელი მზრუნველობა, ამაგი და ღვაწლი, რომელიც უდავოდ ქებისა და მადლობის ღირსია. პირველად ვიმყოფებოდი ადგილზე და ამაში პირადად დავრწმუნდი. მისი, ფრიად პროგრესული და განვითარებული დიაპაზონის შემხედვარე, იმედით დავიმუხტე. მოხარული ვარ რომ მისი იდეები და კონცეფცია ჩემ შეხედულებებსა და საწუხარს დიდწილად ეხმიანება.

ამრიგად, უნდა ითქვას, რომ “ახალი საქართველოს უნივერსიტეტი” – ეს გახლავთ ერთ-ერთი უმშვენიერესი ოაზისი, გადახრიოკებული საქართველოს უდაბნოში. ეს კერა, თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით სცდება სახელმწიფოს ლოკალურ საზღვრებს. ამაზე მეტყველებს ის პერიოდული კვლევები და გამოცემები, რაც მის წიაღში აღესრულება, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული წრეების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება აქვს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხობის ისტორიული მონასტერი და ახლადაღდგენილი საკათალიკოსო სასახლე, რომლის თაღებქვეშაც ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საგანმანათლებლო ფორუმი თუ ღონისძიება.

ღვთის წყალობით მოგვეცა საშუალება საკვირაო ლიტურგიას დავსწრებოდით და მიგვეღო წმინდა ზიარება, რამაც დამატებით, უდიდესი სიხარული მომანიჭა. ამდენად, მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს: მის მეუფებას, კეთილშობილ მამებს, ყურადღებიან მონაზვნებს, სანიმუშო პედაგოგიურ კოლექტივს, ნიჭიერ მომხსენებლებსა და მონაწილეებს, რომელთაც არაჩვეულებრივი დისკუსია და პოლემიკა შემოგვთავაზეს აკადემიურ სიბრტყეში. ამასთან, საგულისხმოა მკვიდრი მოსახლეობისა და მრევლის უბრალოება, თავაზიანობა და კულტურა, რამაც სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.

დიახ, “თავისუფლება ჭეშმარიტებაშია”! რწმენა – ცოდნის გარეშე ფანატიზმია! განათლებული ადამიანი სათნოა და სოლიდარული, გაუნათლებელი კი აგრესიულია და დესტრუქციული! P.S. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ მასპინძელს, ხობის მერის მოადგილეს – ბატონ მახარე ჩოკორაიას და მის უძვირფასეს ოჯახს დაუვიწყარი პატივისცემის, სითბოსა და სიყვარულისთვის! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.