“თურქეთში არც ერთი ქართული ეკლესია არ მოქმედებს, აჭარაში კი 150 მეჩეთია”

გიორგი ტიგინაშვილი

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი.

-როგორც ცნობილია, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით აჭარის რეგიონში 150 მეჩეთი და 45 ეკლესიაა.

ცხადია, ტოლერანტობა, სჯულთშემყნარებლობა, პლურალიზმი, მულტიკულტურალური გარემოს უზრუნველყოფა და რელიგიური თავისუფლება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართული საზოგადოებისათვის გენეტიკური მახასიათებელი, ეთნოფსიქოლოგიური ტრადიცია და ანთროპოლოგიური თვისებაა, რაზედაც სხვადასხვა საკულტო ნაგებობათა რაოდენობრივი სიუხვეც (საქართველოს მასშტაბით 330-ზე მეტი მეჩეთია) მეტყველებს.

სამწუხაროდ ცალმხრივი ძმობის გამოხატულებაა ის, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არცერთი ქართული ეკლესია არ მოქმედებს.

ამ ფონზე, ბუნებრივია პრობლემას წარმოადგენს არა სახელდობრ დამატებითი მეჩეთის აშენება ბათუმში, არამედ ის პათოსი, მოტივაცია და ქვენა პოლიტიკური ზრახვები, რაც ინიციატორთა აგრესიულ განწყობებში ძალზე იოლად შესამჩნევია.

მართალია, თურქეთის ამჟამინდელი მთავრობა და საკუთრივ სახელმწიფოს პრეზიდენტი ოტომანთა დინასტიის წარმომადგენლობა არ ბრძანდებიან, მაგრამ იდეოლოგიურად არც თუ ნაკლებმადიან პოსტულატებს ეყრდნობიან, მეტადრე იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ მათმა ავტორიტარმა ლიდერმა მეჩეთებს “ეროვნული ციხე-კოშკები”, მინარეთებს – “მტრის გამანადგურებელი რაკეტები”, ხოლო მოლებს, მუფთებსა და იმამებს კი “ერის ფხიზელი მეციხოვნეები” უწოდა. სწორედ ამგვარი შინაარსის ფანატიკური შემართებით დაიგმო ფრაზა “ყოფილი მიწები” და ნაციონალურ ღირსებასთან თუ პატრიოტიზმთან გაიგივდა გაფართოებული ოსმალეთის ნოსტალგია.

ჯერ კიდევ 1453 წელსა, როცა სულთანი მეჰმედ II ბიზანტიას იპყრობდა, მისი სურვილების დიაპაზონიც იმთავითვე დაუცხრომელი და შორს მიმავალი იყო.

რა გასაკვირია, რომ ახლაც, მას შემდეგ რაც მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ღია და ამბიციურ რიტორიკაში დეკლარირებულად ჩნდება ნეო-ოსმანური იმპერიალიზმის სერიოზული ელემენტები, მავანთა ელიტის სამიზნე ისეთი წერტილები გამხდარიყო, სადაც ექსპანსიის, ასიმილაციისა და დაპყრობითი ქსელის განხორციელება რელიგიური საცეცებით წარიმართებოდა, რისთვისაც რადიკალი ისლამისტი ლიდერები პროზელიტურ და მისიონერულ მეთოდებს არ დაიშურებდნენ გაღატაკებული ადამიანების გადაბირებისათვის. შესაბამისად აჭარის ტერიტორიაზე სტიქიური მშენებლობების სიჭარბეც სპეცსამსახურების მეცადინეობასა და კონსპირაციულ ტენდენციაზე მიუთითებს რაც სულიერი ეგზეკუციის ნაწილია. დიახ, თანამედროვე ფადიშაჰი ერდოღანი საჯაროდ აფიქსირებს თავის მიზნებსა და ამოცანებს, რომლის გახორციელებისთვისაც, გარდა ეკონომიკური, სამრეწველო, ფინანსური თუ სამხედრო პოტენციალისა, რელიგიურ ბერკეტებსაც წარმატებით იშველიებს. ფაქტია, რომ ტექნოლოგიურად, ხალხთა მაზომბირებელი აგიტაცია-პროპაგანდისათვის ის არაფერს იშურებს. პირიქით, ისიც სახელოვანი წინაპრებივით ნახევარმთვარის რკალის პრიზმაში უმზერს თურქეთის მომავალს, ვარსკვლავად ყურანის დოქტრინალურ სწავლებას ხედავს და წითელ, ანუ საბრძოლო ალამს საზღვრების გასავრცობად აფრიალებს.

ზოგადად, პოლიტიკური ისლამის ფილოსოფიური არსი არის მოდერნულობის შეგნებული უარყოფა და მეშვიდე საუკუნის ძალადობრივ პრაქტიკებთან დაბრუნება (იგულისხმება მოდერნული ღირებულებებისა და ინსტიტუტების და არა ტექნოლოგიების უარყოფა). ამიტომ ქვია მას ექსტრემისტული ფუნდამენტალიზმი. ისლამურ ტერორიზმს სწორედ ასეთი მდგენელი აქვს.

სადღეისოდ, სეკულარისტი ქემალისტების დემოკრატიული წრე სრულიად განეიტრალებული და დევნილია თურქეთში, რაც ალბათ დამატებითი საფიქრალი უნდა იყოს დანარჩენი, ცივილიზებული მსოფლიოსათვის.

არ ვიცი საქართველოს ლიბერალურ ხელისუფლებას, აქვს თუ არა რაიმე სახის პრევენციული სტრატეგია მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თურქიზაიის პირქუში ტალღა რომ ზღვით მოდის, ფაქტია.