გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე  ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ  ფიზიკური ძალადობით და  სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ. – თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ვალეში დააკავეს.   მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად   6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.